leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვატო შაქარიშვილი: დაუშვებელია, ეს არ უნდა მოხდეს!

საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა. „რეპორტიორი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ვატო შაქარიშვილს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

– რა არის საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის მიზანი?

– რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზაციაა, რაც პირველ რიგში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს არის მთავარი მიზანი. პრობლემის იდენტიფიცირება უკვე, მგონია, რომ ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე.  ჩვენ ვთავაზობთ ერთგვარ გამოსავალს  ამ დიდი, მოჯადოებული წრიდან, სადაც გვაცხოვრებს, დიდწილად ოპოზიცია და მათი მმართველები ქვეყნის გარედან. მათ შორის ხელისუფლებაც, რომელსაც თავისი როლი აქვს იმაში, რომ საქართველო არის მძევალი ამ ევროინტეგრაციის ფარგლებში ისევე, როგორც იყო უკრაინა 2013 წელს ამ საკითხის მძევალი და ვხედავთ, ამან რა მდგომარეობამდე მიიყვანა უკრაინა. ეს არის კოშმარი, რომელიც დაიწყო „მაიდნით“ და გრძელდება ომით, რომელსაც ჰყავს მილიონამდე მსხვერპლი, 10 მილიონზე მეტი ლტოლვილი, ჩამონგრეული ეკონომიკა, ჩამოშლილი სახელმწიფოებრიობა. მკაფიო მაგალითის საფუძველზე ვამბობთ, რომ დღეს საქართველო არის ანალოგიურად. ზუსტად ის წინაპირობები აქვს, იდენტური, რაც იყო უკრაინის შემთხვევაში.

–  სწორედ ეს უნდა მეკითხა, რამე პარალელს ხედავთ საქართველოსთან მიმართებაში?  

– აბსოლუტურად ანალოგიურია ვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება საკრალიზაცია და რელიგიის რანგში აყვანა ევროინტეგრაციისა. არ შეიძლება არანაირი კითხვის დასმა, არ შეიძლება არანაირი კრიტიკა მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ყველაზე კრიტიკული ევროკავშირის, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიმართ თავად ევროპელი ხალხია, ეს გამოჩნდა თუნდაც ევროპარლამენტის არჩევნებში. ჩვენი მოკლევადიანი, პირველი რიგის ამოცანაა, რომ დისკუსია გავხსნათ. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება, წმინდა სამებას დავამატოთ მეოთხე – მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა და ევროკავშირი. დაუშვებელია, ეს ასე არ უნდა მოხდეს. სცენარები ჩვენ თვალწინ არის. ჩვენ განცხადებაშიც ვისაუბრეთ იმ საშიშ პრეცედენტებზე, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა ერთობლივად შექმნეს. მხედველობაში მაქვს ისეთი ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფების ხელისუფლებაში მოყვანა, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა.

– ასეთი ტიპის საფრთხეს ხედავთ თქვენ მოახლოებულ არჩევნებზე?

– ასეთი პრაქტიკა ჩვენ ხომ არ შეგვიქმნია, თვითონ შექმნეს ეს მაგალითები და როდესაც ხდება პრეცედენტის დაშვება, ეს ქმნის რეციდივის საფრთხეს, გამეორების საფრთხეს. დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ანალოგიური სცენარით იხელმძღვანელონ. ამის მთავარი წინაპირობა და საფუძველი არის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საკითხები.

– ანუ მანიპულირება ხდება ამ თემით?

– რა თქმა უნდა, ეს არის იარაღი და ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედებისთვის, საქართველოში სიტუაციის ასარევად და სასურველი მიზნების განსახორციელებლად. ეს ბერკეტი უნდა გამოვაცალოთ ჩვენი ქვეყნის მტრებს.

– თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი მოკლევადიანი მიზანი დისკუსიის გახსნაა. როგორი ფორმატით გეგმავთ დისკუსიის გახსნას?

– ყველა შესაბამის ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რაც შეიძლება, რომ არსებობდეს. საზოგადოებასთან ურთიერთობა, მედიასთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ნებისმიერი ფორმა, რომელიც, შეიძლება, ეფექტური იყოს. ხალხში არის კითხვები, რატომ ხდება ისე, რომ დაგვაყენეს ორპირ ქარში და 30 წელია, ვდგავართ ამ ორპირ ქარში და ვართ მარტო. ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგე ერთადერთი კონტრშემხვედრი კითხვა ჩნდება ის, რომ რუსეთთან გინდათ მარტო აღმოჩნდეთ?! ახლა ვისთან ერთად ვართ?!

– თქვენ რა პასუხი გაქვთ, ვისთან ერთად ვართ?

– მარტო  ვართ.

– და ნეიტრალიტეტი რისი მომტანია ამ შემთხვევაში?

– ნეიტრალიტეტი იქნება მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მისამართით, არა მარტო მათი მისამართით, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომლებიც ამას ელოდებიან. შემთხვევითი არ იყო, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საქართველო იყო შეხვედრის ადგილი, შუამავალი და მშვიდობის ინიციატორი. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ვსვამ კითხვას, რამდენად შეესაბამება მათი ნათქვამი მათ საქმეს? თუ NATO-ში აპირებ ინტეგრაციას, როგორ ფიქრობ მაშინ მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

– არ არის NATO ქოლგა იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

– NATO არის გამაღიზიანებელი, ის პირდაპირ უდრის ომს. მარტო ჩვენ არ ვამბობთ ამას. ეს არის აღიარებული ორივე მხარის მიერ. უკრაინის NATOში ინტეგრაცია იყო სათავე იმ ტრაგედიისაა, რომელიც დღემდე გრძელდება. რეალობა იცვლება, ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. არ შეიძლება, ვიცხოვროთ წარსულით. დღეს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციაზე ლაპარაკი იგივეა, რომ 1989 წელს, აპრილში გელაპარაკა საბჭოთა კავშირში ინტეგრაციაზე.

საინტერესო პარალელია, დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირს შეადარეთ ევროკავშირი და NATO, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი პარალელი არ არის, ასეთ პერსპექტივას ხედავთ თქვენ?

– დღეს რა მოცემულობაც არის ევროპასა და NATO-ში, ყველაფერი მიდის ამისკენ. არ ვიცი, ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ დღეს ეს მოცემულობაა. ეს სიტუაცია ჰგავს გვიანი საბჭოთა კავშირის პერიოდს და წარმოიდგინეთ ქართველი პოლიტიკოსი 1989 წელს აპრილში, რომელიც იძახის, რომ უნდა შევიდეთ საბჭოთა კავშირში და ეს არის ერთადერთი გზა. ამ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა და ხელისუფლებაც ხშირად მიჰყვება, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. არადა, არ არის ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. სამყარო იცვლება, სამყარო ვეღარ იქნება ერთპოლუსიანი, ის იქნება მრავალპოლუსიანი და ჰაბი ვერ გახდები, თუ იქნები რომელიმე ერთის მხარეს. ჩვენ ვერ შევახვედრებთ, ვერ დავამთხვევთ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე ჩინეთის, ამერიკის, ევროკავშირის, სხვა დიდი მოთამაშეების ინტერესებს, თუ ვიქნებით ერთ რომელიმე ბანაკში. თუ ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური, არ ვიქნებით არცერთ ბანაკში, ჩვენ შევძლებთ, რომ მათი ინტერესები საქართველოს ტერიტორიაზე დაემთხვეს – ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური ინტერესები და ა.შ.

– თქვენ ახსენეთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენი მიზანია დისკუსიის გახსნა. გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის თქვენი მიზნები?

– არ ვფიქრობთ მოახლოებულ არჩევნებზე, დაახლოებით ერთი წლის თავზე ვფიქრობთ პოლიტიკურ პარტიად ფორმირებას. საზოგადოებაში უნდა მოვხსნათ ტაბუები და არავის უნდა მივცეთ საშუალება, დააკომპლექსონ ადამიანები იმისთვის, რომ მათ ილაპარაკონ, რასაც ფიქრობენ და დასვან ის კითხვები, რაც მათ აქვთ – ეს იქნება NATO-სთან მიმართებაში, თუ ევროკავშირთან. როდესაც მიდიხარ გაერთიანებაში, სადაც არის პრობლემები, უნდა გქონდეს გააზრებული, რომ იქ პრობლემების თანაზიარი გახდები. გვინდა ჩვენ, რომ ამ პრობლემების თანაზიარი გავხდეთ?!

ასევე იხილეთ