გივი მიქანაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას დაესწრო და უმაღლესი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
სხდომაზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.
სხდომის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ მოხსენება წარმოადგინა თემაზე – “ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და არასინქრონული სწავლებები”.
საბჭოს წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „ონლაინ საკვირაო სკოლა“ შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.