ანდრია ჯაღმაიძე: ბევრ კითხვებს ბადებს პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში – გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“
“გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“?, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონ პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან”?
სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპურ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს დეკანოზი.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”