კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ყველაფერს, რაც ძვირფასია ქართველი ხალხისთვის, მიზანმიმართულად ებრძვიან – გამაოგნებელია ის განცხადებები, რაც დღეს საპატრიარქოს მიმართ მოვისმინეთ
“გამაოგნებელია ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ, თუნდაც საპატრიარქოს მიმართ. ეკლესია, სარწმუნოება არის ძალიან სენსიტიური თემაა. მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები პატრიარქზე, რომელმაც მისი მოღვაწეობის პერიოდში გააძლიერა ქართული ეკლესია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ეუბნებიან როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს და ისიც ამ ყველაფერს ასრულებს.
„ის, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი ეს არის ჩვენი სარწმუნოება, კულტურა – ყველაფერ ამას, რაც ძვირფასია ქართველი ხალხისთვის მიზანმიმართულად ებრძვიან, რომ როგორმე დააზიანონ, ტალახი ესროლონ. ეს პროპაგანდა წლების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად აანალიზებს დღევანდელ მოცემულობას, საფრთხეებს. წელს საარჩევნო წელია და საფრთხეები, ზეწოლა, განცხადებები გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”