ეკა სეფაშვილი: საქართველოს უწევს ოკუპაციის გამოწვევებთან გამკლავება და ამ დროს, როდესაც პარტნიორი ქვეყანა აჩერებს წვრთნებს ქვეყანაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის ინტერესების შელახვა აქვს გამიზნული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებას ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ეთანხმება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ გაუგებარია ევროკავშირის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის დახმარების შეჩერების შესახებ. მისი თქმით, პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს თანაბარუფლებიანობის პრინციპს.
სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს და ის, რომ საქართველო ამერიკისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი.
„ბატონი პრემიერის მოსაზრებას დავეთანხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად გაუგებრობაა ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით. გადატვირთვას რაც შეეხება, იგულისხმება ის, რომ დადებითი ელფერი შეიძინოს ჩვენმა პარტნიორობამ და იყოს თანასწორობის გამომხატველი და არა ვასალური დამოკიდებულების. პარტნიორობის შესაფერისი არაა პრინციპი – ჩვენ ვიტყვით და თქვენ უნდა შეასრულოთ და არც ის ყალბი ნარატივი, რომელსაც ხშირად ამერიკელი მაღალჩინოსნები აჟღერებენ. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, იმიტომ, რომ ამით დასტურდება, რომ საქართველო მათთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი მხრიდან, შემიძლია, დავამატო, რომ ნამდვილად ერთ-ერთი საიმედო და სანდო პარტნიორია რეგიონში და ორი ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასეთი სამწუხარო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, როცა საუბარია თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, პირველ რიგში ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას. წარმოიდგინეთ, საქართველოს უწევს ოკუპაციის გამოწვევებთან გამკლავება და ამ დროს, როდესაც პარტნიორი ქვეყანა აჩერებს წვრთნებს ქვეყანაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის ინტერესების შელახვა აქვს გამიზნული,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა.