„ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი თავის უარყოფა არის ევროპელობა და განვითარება. განვითარება კი მხოლოდ საკუთარი თავის ძიებასა და პოვნაში ირეკლება და არა საკუთარი თავის უარყოფაში“, – განაცხადა პოეტმა დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელსა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე.
„თუ ამ წესების დამორჩილებით აღმოვჩნდები ომში, მე გადავხედავდი ამ გაწევრიანების დინამიკას, იქნება ავაჩქარო, თუ მშველის, ან იქნებ შევანელო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შევწყვიტო ამ გზით სიარული. ევროკავშირი არ არის რელიგია, რომელსაც თუ შეეწირები, იმქვეყნად, ზეციურ ევროკავშირში სამუდამო განსასვენებელს იპოვი, ეს ასე არაა. ეს უკვე პროვინციალიზმის უმაღლესი გამოხატულებაა. ასეთი პერიფერიული სინდრომი, ხშირად არის ხოლმე საქართველოში, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პერიფერიული სინდრომი ახლავს ამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. ყველაფერი ისეთ აღმატებულ ხარისხში უნდა წარმოადგინონ, რომ სხვა ყველაფერმა მის წინაშე თავი უნდა დახაროს. ეს ასე არ არის, შენ შენი ქვეყნის ინტერესები გაქვს, მათ თავიანთი კავშირის ინტერესები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დაემთხვეს და გასწორდეს ეს დარღვეული ბალანსი და იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა, ხვალ გასწორდება.
ახლა ისეთი ვითარებაა, წითელ ხაზებსაც კი არ აქცევენ ყურადღებას. წითელი ხაზები საერთოდ აღარ არსებობს, წაიშალა, აღარავინ უწევს ანგარიშს. თურქეთი ნავთობს ყიდულობს ირანიდან, რომელსაც ათწლეულებია ემბარგო ადევს, აღმოჩნდა, რომ ბალტიისპირეთის ვაჭრობამ რუსეთთან ისტორიულ პიკს მიაღწია, რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და ომია გაჩაღებული, აქ აზერბაიჯან – სომხეთის ომი დროებით ჩამქრალია – ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება, ამ დროს ორბანი აწყობს ტურნეს უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთსა და ამერიკაში. ეს ხომ თვითშემოქმედება არ არის, ეს არის ამ სამი ზესახელმწიფოს საუბარი, რომელსაც ორბანი უძღვება. წამყვანი არის ორბანი, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
აშკარაა, რომ სამყაროში ახალი დღის წესრიგი დადგება და ჩვენ ჩვენი თავი უნდა ვეძებოთ ამ ახალი დღის წესრიგში. ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი თავის უარყოფა არის ევროპელობა და განვითარება, განვითარება კი მხოლოდ საკუთარი თავის ძიებაში და პოვნაში ირეკლება და არა საკუთარი თავის უარყოფაში“, – განაცხადა დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.