გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის“ შესახებ: დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია
„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის – რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“ – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.
მისი თქმით, როცა პარტნიორი პარტნიორთან სანქციებს მიმართავს და ამას მეგობრობას უწოდებს, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია.
„ასე, რუსეთი რომ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განახორციელა, მასაც არ უთქვამს – ეს ქვეყანა უნდა დავიპყროო, არამედ, მანაც თქვა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის უფლებები ირღვევა და მათ დასაცავად შემოვდივარო. ეს იყო ფარი, რეალურად კი ოკუპაცია მოახდინა. დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.