leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვალენსიას ახალი მეკარე: მამარდა დიდებულია, მაგრამ აქ კონკურენციისთვის ვარ

ვალენსიაში სტოლე დიმიტრიევსკი წარადგინეს, რომელიც სავარაუდოდ, მამარდაშვილის შემცვლელად იყიდეს, თუმცა, ქართველი ჯერ ისევ გუნდში რჩება.

ვალენსიამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, დღეს კი, ორი ახალწვეული, მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი და თავდამსხმელი რაფა მირი მედიის წინაშე წარადგინეს.

ჩრდილომაკედონიელი მეკარე “ღამურებმა” უფასოდ რაიო ვალეკანოდან დაიმატეს. დიდხანს ესპანურ პრესაში წერდნენ იმაზე, რომ ეს ავტომატურად ნიშნავდა გუნდიდან გიორგი მამარდაშვილის წასვლას, მაგრამ მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო, ჯერჯერობით, ქართველ მეკარეზე რეალური შეთავაზებები ვალენსიაში არ მიუღიათ. იყო ინტერესი ნიუკასლიდან, მაგრამ ინგლისურმა გუნდმა მოთხოვნილი თანხის (40 მილიონი) გადახდა არ ისურვა და ტრანსფერი არ შედგა.

დიმიტრიევსკის კი, პრეზენტაციაზე ჰკითხეს მამარდაშვილის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ის ვალენსიაში მის შემცვლელად არ მისულა, არამედ კონკურენციისთვის და ეცდება თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

„ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. პირველი დღეები ძალიან კარგი იყო, ყველა მეხმარება გუნდთან ადაპტირებაში. მოუთმენლად ველოდები კონკურენციას და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას. ვალენსიას რომ დავთანხმდი, ვიცოდი, რომ მამარდაშვილი აქ იყო. ის დიდი მეკარეა, რასაც აქ 2 წელია ამტკიცებს და ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენა. კონკურენციისთვის მოვედი, მეტი არაფერი”, – აღნიშნა დიმიტრიევსკიმ.

პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა ვალენსიას სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამაც, რომელსაც მოუწია განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ვალენსიას ორი მაღალი დონის მეკარე ჰყავს:

„უნდა იყოს შეთავაზება, რომელსაც მივიღებთ და რომელიც ფეხბურთელისთვისაც მისაღები იქნება და ჩვენთვისაც. დღეის მდგომარეობით, მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, ორი ახალწვეული წარმოგიდგინოთ და ამ მომენტში გუნდიდან არავინ წასულა. იყო ზარები, ინტერესი, მაგრამ ჯერჯერობით, ყველა გუნდშია”, – აღნიშნა კორონამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას 2021 წლიდან იცავს და დღემდე ესპანური კლუბის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა. გიორგი ევრო 2024-ის გამო ამჟამად შვებულებაშია და გუნდს 28 ივლისს უნდა შეუერთდეს.

ასევე იხილეთ