ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 14 ივლისს, ესპანეთი-ინგლისის მატჩში გაირკვევა, თუმცა, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად 16 წლის ლამინ იამალი (17 წლის 13 ივლისს გახდება) მოიაზრება, რომელმაც ტურნირზე “ფურია როხას” მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა და ახლა ბერლინში გასამართ ფინალს მოუთმენლად ელოდება.
ესპანეთის ქალაქ მატაროში დაბადებული ლამინის მშობლები წარმოშობით მაროკოდან და ეკვატორული გვინეიდან არიან. ბარსელონას თავდამსხმელის მამამ, მუნირ ნასრაუიმ, ევრო 2024-ის ფინალის წინ ესპანურ მედიას თავისი ემოციები გაუზიარა.
„როდესაც ბიჭი დაიბადა, მაშინვე ვიცოდი, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. ნებისმიერმა მამამ იცის ეს და ნებისმიერ მამას სურს, რომ მისი შვილი საუკეთესო იყოს.
როგორც სხვა ნებისმიერი ბიჭის, ლამინის სურვილიც არის, რომ გახდეს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ევროპის ჩემპიონატს მოიგებს.
ჩემი ბიჭი არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყველაფერში საუკეთესოა. ეს ბიჭი ღვთისგან კურთხეულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია”, – თქვა ლამინის მამამ, რომელიც გერმანიაში შაბათს ჩაფრინდება, კვირას კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” ფინალს დაესწრება.
„ვამაყობ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებით. იმედი მაქვს, რომ ევროპის თასს დაეუფლებიან და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ჩემპიონობას”, – დასძინა მან.