გიორგი ტყემალაძე: განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ განცხადებით გახსნა. გიორგი ტყემალაძემ ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული და დაუვიწყარი იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ფეხბურთის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს.
„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შემდგომ არ მქონია საშუალება, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ქართველი ფეხბურთელებისთვის. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისის საკრებულოს სხდომა ამ ისტორიული მიღწევის აღნიშვნით გავხსნა. მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი იყო საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ბიჭებმა შესაშური გუნდურობით, შემართებით, ღირსებითა და თავდადებით ისტორიული შედეგი დადეს. მადლობა მათ, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ქართველ გულშემატკივრებს, ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს ქართული ფეხბურთის ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის ასეთ წარმატებასა და აღიარებაში; მადლობა იმ სიხარულისა და სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეს. განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.