2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცი ექვსივე თანაბომბარდირზე გადანაწილდება, თუ ინგლისსა და ესპანეთს შორის ფინალურ შეხვედრაში, ჰარი კეინი მეოთხე გოლს არ მიითვლის. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა ESPN ავრცელებს UEFA-ზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცი კრიშტიანუ რონალდუს ერგო იმის მიუხედავად, რომ მის მსგავსად, ხუთი გოლი ჰქონდა გატანილი პატრიკ შიკს.
მანამ UEFA-ს მიერ წესებში შეტანილი ცვლილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, გიორგი მიქაუტაძეს ბომბარდირთა დავაში ორი კონკურენტი (კოდი გაკპო ნიდერლანდებიდან და ბრიტანელი ჰარი კეინი) უსწრებდა. საქმე იმაშია, რომ 23 წლის ქართველმა ორი გოლი პენატლტის ნიშნულიდან გაიტანა, ხოლო როცა გატანილი გოლების რაოდენობა თანაბარია, უპირატესობა იმ მოთამაშეს ენიჭებოდა, რომელსაც მეტი გოლი ჰქონდა გატანილი უშუალოდ სათამაშო ეპიზოდიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მსგავსად, ტურნირს ნიდერლანდებიც გამოეთიშა, ფინალურ შეხვედრაში ჰარი კეინი თუ ვერ შეძლებს, მეოთხე გოლი მიითვალოს და რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმე ფეხბურთელი ინგლისიდან და ესპანეთიდან საკუთარი გოლების რაოდენობას 4-მდე ვერ აიყვანს, ოქროს ბუცის თანამფლობელი გიორგი მიქაუტაძე გახდება.