ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკისშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრისპარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და ამ მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სააგენტოების და საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ მოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, მხარეებმა განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიების არსებობის მნიშვნელობა და როლი.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცესკო მიესალმება და მოელის ობიექტურ დაკვირვებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. გამოითქვა რწმენა, რომ არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კვლავაც ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი იქნება.
12 ივლისს ცესკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ–ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკნორდბერგი, USAID-ის უფროსი მრჩეველი საარჩევნო საკითხებში ჯეფრი ვანესი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი დანა კასტანა და აშშ–ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.