დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: პოპულარულ ლოკაციებში პრომეთე და მარტვილი ლიდერობენ
“პოპულარულ ლოკაციებში წლიდან წლამდე პრომეთე და მარტვილი ლიდერობენ”, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა ისაუბრა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მარტვილს ცოტათი უსწრებს პრომეთეს მღვიმე.
„პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, რომელიც ქვეყნის შიგნით ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ბავშვებში, ხშირია ექსკურსიები. ასევე, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, ეს ხუთეულს თუ ჩამოვთვლით“, – აღნიშნა მან.
ბესიკ კუსიდი საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სააგენტომ მიმდინარე წელს ოთხ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
„ორჯერ საუდის არაბეთში, ერთხელ აშშ-ში, ერთხელ ჩინეთში. მიმდინარე თვეს დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს გამოფენა, რომელშიც ასევე ვმონაწილეობთ. წლის ბოლომდე დაგეგმილია მინიმუმ ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ესპანეთში და ისევ ჩინეთში, კონკრეტულად დედაქალაქში.
გამოხმაურებას რაც შეეხება, ყველა ტიპის ვიზიტორები გხვდება, ისეთებიც, რომლებიც საქართველოში არიან ნამყოფები და კიდევ გეგმავენ ჩამოსვლას. ისეთებიც, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად არ იცოდნენ რა უნდა მოენახულებინათ. მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის შესახებ ჰქონდათ მწირი ინფორმაცია და უკვირდათ ხშირ შემთხვევაში საქართველოს ბიომრავალფეროვნებას რომ ვაცნობდით რამდენად განსხვავებული ლანდშაფტები შესაძლოა, ნახონ საქართველოში“, – დასძინა მან.