დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს „ფიქრებისა და ლოცვებისთვის“ მადლობას უხდის.
“მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომდარიყო. ჩვენ არ შევშინდებით, არამედ მტკიცენი დავრჩებით რწმენაში და ქედმოუდრეკელნი უკეთურების წინაშე. მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი და მოუთმენლად ველი ჩვენს დიდ ერთან საუბარს ამ კვირაში ვისკონსინიდან“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.