რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტრამპის მიმართ თავდასხმაზე: მჯერა, დამნაშავეები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს
“კატეგორიულად ვგმობ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.
„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს“, – აცხადებს ერდოღანი.
მისი თქმით, თურქეთი, გვერდში დაუდგება მეგობრულ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.