leaderboard_below_slide

ირაკლი რუხაძე: NATO-ც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა

ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება – ეს ჩემი პირადი აზრია. NATO-ც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა. უკრაინა როგორც კი დალაგდება და იმედია, მალე დალაგდება, ამერიკის არჩევნებამდე, აი, ის წყალი ჩვენც გადმოგვესხმება”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 მისივე თქმით, თავად ევროკავშირში ხდება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ძვრები. მან ისაუბრა საფრანგეთში, გერმანიასა და ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე.

 „ამდენი წლის შემდეგ ინგლისში მოხდა აბსოლუტური ამოტრიალება. მაგრამ, რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან დგას ერთი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მსოფლიოს ერთ-ერთი ჰეგემონი, წარმოუდგენლად ძლიერი. ბაიდენმა ინტერვიუში თქვა, რომ უთხრეს, შენ მოხუცი ხარო – მე მსოფლიოს ვმართავო. ანუ, პირდაპირ პასუხი იყო, ხალხო, რა მოხუცი, მე მსოფლიოს ვმართავო. იგი არც იხევს უკან, რომ მსოფლიოს მართავს. ანუ, გვყავს ამერიკა, რომელიც მსოფლიოს მართავს, სადაც საერთოდ გაურკვეველი სიტუაციაა.

 ტრამპი თუ მოვიდა და დიდი ალბათობით, მოვა, როგორც ახლა ჩანს, თუმცა, არავინ იცის, ბოლოში რა იქნება, თავად ამბობს, რომ 180 გრადუსით მოატრიალებს, რაც ეხება ხედვებს და განსაკუთრებით, რაც ჩვენს რეგიონს ეხება. როგორც ამბობს, თუ არჩევნები მოიგო, მომავალი წლის 20 იანვარს უნდა შევიდეს ოფისში და აცხადებს, რომ სანამ ოფისში შევა, უკრაინა დალაგებული ექნება. ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის? არაფერი ვიცით, როგორ და რას დაალაგებს. ამიტომ, გიჟურ სიტუაციაში, იმის ნაცვლად, რომ თქვა, ასეთი გაურკვევლობაა და მე ახლა უნდა ვიყო ფრთხილად, შევინარჩუნო მაქსიმალური ელასტიკურობა, რადგან არ ვიცი, საიდან, რა გამოფრინდება და რაც შეიძლება ასე ვიარო, ჩემს საქმეებს მივხედო, გადავაქციეთ არჩევნები რეფერენდუმად.

 ერთი საკითხი მახინჯად არის შემოსული – 2022-ში რომ გვითხრეს, მოდით, ბიჭებო, ახლა დროზე ადრე შემოიტანეთო, ცუდი რაღაცის გამო გვითხრეს იმიტომ, რომ მე ასე მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მათ არ შევყევით ომში. ამიტომ მიმაჩნია, უნდა დავწყნარდეთ, დავფიქრდეთ და ბავშვი არ გადავაყოლოთ წყალს – ვიფიქროთ საქართველოს მომავალზე“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ