left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის – საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის – საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფა შეაჩერა. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ეს თანხები მესამე სექტორსა და მედიას მოხმარდება.

„ეს ფაქტი გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ზედაპირულად მიიღება გადაწყვეტილებები სტრატეგიულ საკითხებზე და როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების მხრივ საქართველოს წინაშე მდგარ რისკებს და მათ შორის, გამოწვევებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ამას რომ უკავშირებენ საკითხს, ევროპის დემოკრატიის ფონდი და რამდენიმე „ენჯეო“ იყოს თუ არა გამჭვირვალე საქართველოში და ამის გამო, ასე ზედაპირულად იღებენ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, თავისთავად, ვფიქრობ, ეს არა ევროპული, არასერიოზული ქცევაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა, რამდენიმე მოსმენით მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს.

„თუ ასეთი კრიტიკული იყო მათი დამოკიდებულება, მაშინ გაუგებარია, საერთოდ რატომ მოხდა დამტკიცება ამ პაკეტის. ეს ჩვენს საზოგადოებაში გარკვეულწილად აჩენს აღქმას, რამდენიმე კვირის წინ იმიტომ დამტკიცდა, რომ ამ პაკეტის უკან წაღებით, მღელვარება შეეტანათ საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი დღეს საქართველოში გაუმჭვირვალედ იხარჯება, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ეს დადასტურებულია – ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პროექტს საქართველოში და შემდეგ მჟღავნდება-ხოლმე, ამ პროექტების უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ეს ფული მიედინება პოლიტიკური პარტიების ყულაბაში, როგორიც არის მაგალითად, „დროა“. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მიგვეღო რეაქციაც და დაპირებად ის, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა თითოეული დახარჯული ცენტის გამჭვირვალობას საქართველოში, რაც დღესდღეობით პრობლემაა, ვიღებთ რაღაც ნაწყენ განცხადებებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ისაუბრა ქართული სამშვიდობოების მიერ შესრულებულ მისიაზე.

„საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც მაგალითად, 2014 წელს ევროკავშირის მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაარჩინა მის შეუმდგარობას. ევროკავშირის შიგნით ვერ პოულობდნენ ქვეყნებს, რომელიც ამ მისიაში წავიდოდნენ. საკმაოდ რთული მისია იყო უსაფრთხოების მხრივაც და ევროკავშირი საკუთარ რიგებშიც ვერ პოულობდა მსურველებს, რომ წასულიყვნენ ამ სამხედრო მისიაში. მაშინ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, გადავარჩინეთ ეს მისია ჩაშლას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ არსებული დაძაბული ურთიერთობები აუცილებლად გადაიხედება.

„ზოგადად, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონტექსტსა და კონიუნქტურაზე. ერთი მხრივ, ეს ცუდია, ვინაიდან ასე სწრაფად მიიღება ნეგატიური გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ჩვენ პოზიტივიც უნდა დავინახოთ, რომ ამ საკითხის შემობრუნება და პოზიტიური გადაწყვეტილებებიც ასევე სწრაფად მოხდება, როგორც კი შეიცვლება კონტექსტი და კონიუნქტურა. ამიტომ, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების მხრივ, ისევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ