2024 წლის 13 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ბრიტანელი ავტორი, ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ანატოლ ლივენი და ფლეტჩერის სკოლის მეცნიერ-მკვლევარი ლაშა კასრაძე
2024 წლის 13 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ბრიტანელი ავტორი, ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ანატოლ ლივენი და ფლეტჩერის სკოლის მეცნიერ-მკვლევარი ლაშა კასრაძე.
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს. რექტორმა სტუმრებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის პირველი და მეორე სართულები, ესაუბრა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ მნიშვნელობის შესახებ. აღინიშნა, რომ ეს იდეა უკვე გაზიარებულია არაერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსებისა და მეცნიერების მიერ. ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა საგანგებოდ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ.
პროფესორი ზურაბ ხონელიძე ანატოლ ლივენს ესაუბრა სხვადასხვა აქტივობის შესახებ, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტი და რომელიც ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებას, რათა აფხაზებმა და ოსებმა ქართველებთან ერთად შეძლონ ცხოვრება გაერთიანებულ საქართველოში. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორმა ლივენმა დიდი დაინტერესება გამოიჩინა როგორც რექტორ ზურაბ ხონელიძის იდეების, ისე მთლიანად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, იგი დიდი ყურადღებით უსმენდა რექტორის სიტყვებს. ანატოლ ლივენმა გამოთქვა სურვილი მომავალი თანამშრომლობისა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მან მიიწვია პროფესორი ზურაბ ხონელიძე დიდ ბრიტანეთში, ხოლო სექტემბერში კვლავ გეგმავს ვიზიტს ჩვენს უნივერსიტეტში.
ბატონი ლივენი პოლიტიკის სფეროში 10-მდე ნაშრომის ავტორია და მის მიერ ჩვენი უნივერსიტეტით დაინტერესება, ვფიქრობთ, კიდევ უფრო გაზრდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობასა და აღიარებას.