შალვა პაპუაშვილი: 2020 წელს რომ ISFED თვენახევრის განმავლობაში საზოგადოებას ყალბი დათვლის შედეგების ციფრებით ასაზრდოებდა, ეს ციფრები გამოთვლილი იყო NDI-ს მიცემული პროგრამით, დღემდე არ გვსმენია, რა გამოძიება ჩატარდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღემდე არ არის ცნობილი, ჩატარდა თუ არა გამოძიება ISFED-ის მიერ გავრცელებული პარალელური დათვლის შედეგების შესახებ.
„2020 წელს რომ ISFED თვენახევრის განმავლობაში საზოგადოებას ყალბი დათვლის შედეგების ციფრებით ასაზრდოებდა, ეს ციფრები გამოთვლილი იყო NDI-ს მიერ ISFED-თვის მიცემული პროგრამით. შემდეგ რომ ამბობდნენ, რომ შეცდომა იყო პროგრამაშიო, ეს NDI-ის პროგრამაა. დღემდე არ გვსმენია, რა გამოძიება ჩატარდა, ვის და როგორ მოუვიდა ეს შეცდომა, იყო თუ არა შეცდომა. უფრო მეტიც, ჩვენ შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე, ის, რომ ეს ინფორმაცია იყო მცდარი, ერთი თვე იცოდა ISFED-ის დონორმა ორგანიზაცია USAID-მა, რაც არ არის ჩვეულებრივი ფონდი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტო.
შემდეგ გაირკვა, რომ მათმა ადგილობრივმა წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ეს იყო მცდარი ციფრები, რომ ხალხის მღელვარება, ოპოზიციის აჟიტირება – ყველაფერი ტყუილს ეფუძნებოდა. ISFED იმეორებდა ამ ტყუილს მთელი ნოემბრის განმავლობაში და 12 დეკემბრამდე, როცა პირველად შეიკრიბა პარლამენტი და მხოლოდ მაშინ აღიარეს შეცდომა. გაირკვა, რომ USAID-ის წარმომადგენლობამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არის განთავსებული, ეს ყველაფერი იცოდა და არ ეუბნებოდა არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ქართველ ხალხს, რომელზეც ისინი ამბობდნენ, რომ ზრუნავენ და მათი ინტერესებით მოქმედებენ. ქართველი ხალხი ნერვიულობდა და თურმე, ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა და USAID იყო ამაში ჩართული.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ, მათ შორის მეც პირადად, სხვადასხვა დონეზე – USAID-ის, საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის დონეზე და დავაყენეთ ეს საკითხი – რასთან გვქონდა საქმე 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგები ვრცელდებოდა. როდესაც გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტომ იცოდა ამის შესახებ და მალავდა, დღემდე არ გვსმენია, ჩატარდა თუ არა გამოძიება, რა გაირკვა, რა იცოდა USAID-მა, რა იცოდა საელჩომ, რომ იცოდნენ, რატომ მალავდნენ ამ ყველაფერს, რაც იყო საბოლოო ჯამში საქართველოში ამ რევოლუციური ტალღის ერთ-ერთი ინსპირატორი. ეს იყო პარლამენტის ექვსთვიანი ბოიკოტირების ინსპირატორი და პოლარიზაციის მთავარი საფუძველი მაშინ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან აღნიშნა, რომ საჭიროა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა.
„ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით და ვისმენთ უცხოეთიდან პიედესტალიდან შეფასებებს, რომ გარკვეული მოლოდინი არის სამართლიანი არჩევნების, ჯერ გვიპასუხონ კითხვაზე, რა იცოდა USAID-მა 2020 წელს, რატომ მალავდა, რომ ეს იყო მცდარი მონაცემები, რატომ სწირავდა ქართულ საზოგადოებას არეულობისთვის. ამ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები.
არც ერთი „ენჯეო” არ დაინტერესდა ამ საკითხით, რომ გამოიკვლიოს, ვინ რა იცოდა. არც ერთი ოპოზიციური მედია არ დაინტერესდა ამ საკითხით. იმიტომ, რომ ფინანსდებიან ამ წყაროებით და რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ კრიტიკულები იყვნენ თავისი დონორის მიმართ. საერთო ჯამში ეს არის ლოიალობა არა საქართველოს, არამედ საკუთარი დონორის მიმართ. ეს ტენდენციები ძალიან სახიფათოდ მეჩვენება იმ მხრივ, რომ ვხედავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობებს, ოპოზიციის წაქეზების, მათი დღის წესრიგის როგორც დალაგების, ისე ორგანიზების მხრივ და მიაქციონ ამას ყურადღება. ვნახეთ, რომ პირველ დასკვნაში ეს არ აისახა. ჩვენ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ხოლმე, რომ აისახოს არჩევნებში ეს არასათანადო ჩარევა სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციისა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.