leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ქველმოქმედებას არ პატიობენ

გვესაუბრება „საზოგადოებრივი  მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს  წევრი, საქართველოს  დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

– ბატონო ბონდო, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში გრძელდება, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. რა დაგვანახა ამ პერიოდმა, გარდა იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია?

– ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ქართველებმა ზომიერება არაფერში ვიცით. ფაქტია, წაგება ისე ვიზეიმეთ, რომ დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყანაში, რომლის ნაკრებიც ევროპის ჩემპიონი გახდება, ასე საზეიმოდ გამარჯვებასაც არ აღნიშნავენ. ეს იმის მაჩვენებელიც არის, რომ ძალიან მოგვენატრა წარმატებები და გამარჯვება, რაც ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება. ამ საყოველთაო ზეიმის ფერხულში ჩაბმა ყველას მოუნდა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქართული ფეხბურთი პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, პირველად გავიდა ჯგუფიდან და მერვედფინალშიც ვითამაშეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. თუმცა, რუსთაველის გამზირზე ამჯერადაც ვნახეთ ის ადამიანები, ვისაც ე. წ. საპროტესტო აქციებზე ორი თვის განმავლობაში ვხედავდით და დაგეგმილი იყო, ვის რა ემოცია უნდა გამოეხატა, ვისთვის უნდა დაესტვინათ და ვისთვის – დაეზმუვლათ! ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო, მაგრამ მათ ამით საყოველთაო საზეიმო განწყობა მაინც ვერ გადაფარეს.

საქართველო წარმატებაზე ორიენტირებული ქვეყანაა და, ბუნებრივია, ამდენწლიანი მოლოდინის შემდეგ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წახალისება ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მიერ, უდიდესი სტიმულია. თუკი ამ შემთხვევაში ფინანსებს არა აქვს მნიშვნელობა, აბა, რატომ ყიდულობენ ფეხბურთელებს ევროპის წამყვანი საფეხბურთო კლუბები და რატომ სთავაზობენ კოლოსალურ ანაზღაურებას?! ეს ხომ იმის გამო ხდება, რომ ვიღაც ძალიან კარგად თამაშობს და იმ კლუბს წარმატებას და, შესაბამისად, შემოსავალს მოუტანს! ჩვენმა დებიუტანტმა ნაკრებმაც ხომ მიიღო უეფა-სგან გარკვეული თანხა? ჩვენს ბიჭებსაც ხომ გაუჩნდათ შანსი, რომ უკეთეს კლუბებში ითამაშონ და მეტი ანაზღაურება მიიღონ?! ასე რომ, სწორედ ფინანსებია საჭირო სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითარებისთვის.

ვიცით, ზოგადად, როგორი თანადგომა იციან სპორტსმენებმა. განსაკუთრებით მოჭიდავეები გამოირჩევიან ამ თვისებით, მაგრამ ამჯერად ჩვენ დავინახეთ, როგორი ერთსულოვნებაა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კლუბში თამაშობენ ჩვენი ბიჭები, მათი სახით ჩვენ დავინახეთ ერთად შეკრული დიდი ოჯახი, რომელიც ამაყად ისმენდა საქართველოს ჰიმნს და ამაყად შეჰყურებდა საქართველოს დროშას.

მთელი საქართველოსთვის აღმოჩენაა გიორგი გველესიანი. დავით ყიფიანის შემდეგ, რომელსაც, სრულიად სამართლიანად, მოაზროვნე ფეხბურთელს უწოდებდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ მოაზროვნე ფეხბურთელი დღევანდელ ნაკრებში. განა სხვა ბიჭებს კულტურა, წესიერება და ღირსება აკლიათ, მაგრამ გიორგი გველესიანი განსაკუთრებული ადამიანია. ასევე, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად გაიბრწყინა, მას შემდეგ ცის კაბადონიდან არ ჩამოდის… საოცარი გულწრფელობა და სიხალასეა ამ ბიჭებში. რამდენჯერ სცადეს გუნდში განხეთქილება ნაციონალებმა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ხომ გვახსოვს, კვარაცხელია რა დღეში ჩააგდეს, ისეთი განცხადება რატომ არ გააკეთე, როგორიც ჩვენ გვინდოდაო; როგორც ცდილობდნენ კაშიას სახელის გამოყენებას თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის, ახლა კი მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „ქართუ“ ფონდს, რაც სრულიად ბუნებრივი და ძალიან ადამიანური საქციელია და როგორ ლანძღავენ ამის გამო! ნაცსექტანტებისგან წარმატებული ადამიანების ლანძღვა არ მიკვირს, მათი თავიდან აღზრდა კი შეუძლებელია, თუმცა, ისინი უფრო სოციალურ ქსელებში ჩანან, თორემ არც ისე ბევრი არიან. საზოგადოების უზარმაზარი ნაწილის თვალში ამაღლდნენ ჩვენი ფეხბურთელები ამ მადლობის გადახდის მერე.

ყველა უნდა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ჩვენს სპორტსმენებს მოვთხოვოთ, მაინცდამაინც იმ პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომელიც ჩვენ მოგვწონს. სპორტსმენი მოაზროვნე უნდა იყოს, ჩამოყალიბებული უნდა იყოს, თავისი ფასეულობები უნდა ჰქონდეს… ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ ქვეყანას შეემატა 30 მილიონერი და ეს თანხა ადამიანებმა ღიად, საჯაროდ, სრულიად დამსახურებულად მიიღეს.

დიდი ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილს გაწეული სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის (და არამხოლოდ) ათწლეულების განმავლობაში, რაც ყველამ იცის. ეს 30 მილიონიც კი, იმ უზარმაზარ თანხასთან შედარებით, რაც მან აქამდე გაიღო და რასაც მომავალში გაიღებს, მცირეა, მაგრამ დღეს ის ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეებს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქველმოქმედებით სიცოცხლე შეუნარჩუნა და ისინი არასდროს გამოურჩევია პოლიტიკური ნიშნით. ბევრს დღესაც ეხმარება. მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია მომავლისთვის თანხის ინვესტირება და ის სწორედ ამას აკეთებს. ბიძინა ივანიშვილს, უპირველესად, პოლიტიკურ ქველმოქმედებას არ პატიობენ, თორემ ძალიან კარგად იციან, სააკაშვილი რომ ახალ შენობებს ხსნიდა, არამხოლოდ ის შენობები, არამედ ის მაკრატელიც კი, რომლითაც ლენტს ჭრიდა, ივანიშვილის ნაყიდი იყო! როდესაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს და მეცენატს ადამიანები მადლობას უხდიან და ეს აგრესიის თემა ხდება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ გაზრდა სჭირდება. ამიტომაც არის აუცილებელი ფასეულობებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა. ამიტომაც არის საჭირო განათლებისთვის მეტი ხელშეწყობა.

– რადგან განათლების პრობლემას შეეხეთ, მინდა მეც ჩემი გულისტკივილი გამოვხატო, იმის გამო, რომ ამ სფეროს არცერთ დროში არაფერი ეშველა…

– ეს იმიტომ, რომ მიზანმიმართულად არის დანგრეული განათლების სისტემა 1995 წლიდან, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, როდესაც 60-მილიონიანი გრანტი გამოყვეს, როდესაც ქვეყანაში ფული არ იყო და შემოვიდა ამერიკული გრანტები. გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო მაშინ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, საგანმანათლებლო სფეროში, რა ანაზღაურება ჰქონდათ პედაგოგებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ენთუზიაზმით მუშაობდნენ. სწორედ იმ დროს ჩაიგდეს ხელში არასამთავრობო და საგრანტო ორგანიზაციებმა ჩვენი განათლების სისტემა. შემდგომ უკვე, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ლომაიას ე. წ. რეფორმით, მიზანმიმართულად დაიწყო სისტემის ნგრევა.

საბოლოოდ, მივიღეთ შედეგი, რომ ჩვენი საშუალო სკოლები, რომლებსაც საჯარო სკოლები დაარქვეს, ფაქტობრივად, რვა კლასის განათლებას აძლევს მოსწავლეებს. რა განათლებასაც ადრე მერვე კლასის ჩათვლით იღებდა ბავშვი, იმ ცოდნით ამთავრებს დღეს სკოლას. ჩამოიშალა სისტემა, შეცვალეს სახელმძღვანელოებიც და ყველაფერი იმდენად გაამარტივეს, რომ სიახლის აღქმის, წაკითხულის გააზრების პრობლემა გამოიკვეთა, რაც დიდი ტრაგედიაა. შემდეგ, როცა დაინახეს, რომ ბავშვები იმ ბარიერს ვერ გადალახავდნენ, რაც მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დააწესეს – ბარიერი დაწიეს. სასკოლო განათლების გაუმჯობესებაზე კი არ იმუშავეს, ბარიერი დაწიეს, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი რჩებოდა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა. დღეს კი ვხედავთ, იმავე სასწავლებლებში რა მდგომარეობაც არის.

სისტემას ახლა ასე ადვილად ვეღარ აღვადგენთ, ამას ათწლეულები დასჭირდება. როგორც განათლების მინისტრმა თქვა, ორი წლის განმავლობაში უნდა შეიცვალოს სახელმძღვანელოები და ძირეული რეფორმა უნდა ჩატარდეს განათლების სფეროში, რაც ძალიან რთული პროცესია. განათლების სისტემა, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს შემდეგ, მეორეა დაფინანსების თვალსაზრისით. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი, სახელმწიფო ცალკე ზრუნავს და ცალკე ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ეხმარება სისტემას იქ, სადაც სახელმწიფოს ამის ძალა არ შესწევს. თუმცა, ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც საჭიროა როგორც ინფრასტრუქტურისა და სახელმძღვანელოების მოწესრიგება, ასევე პედაგოგიური კონტინგენტის გადამზადება, რაც წლებია, მიმდინარეობს, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ადრე იყო სხვადასხვა უფასო წრე, გახანგრძლივებული სწავლება, ღონისძიებები… ბევრი ნიუანსია ისეთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ შედეგს მივაღწიოთ.

პედაგოგობა ხომ მხოლოდ ის არ არის, რომ საგანი კარგად იცოდე, ამას თავისი უნარ-ჩვევები სჭირდება, რისთვისაც ადრე პედაგოგიური ინსტიტუტი და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი არსებობდა, სადაც მეთოდისტები მუშაობდნენ. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი, დროში უნდა გაიწეროს, რა როდის უნდა გაკეთდეს. მოზარდი ერთწლიანი კულტურა არ არის, რომ წელს ერთი მოიყვანო და გაისად იგივე ადგილი ახალ კულტურას დაუთმო, ამას წლები სჭირდება. შალვა ამონაშვილის მეთოდებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, მაგრამ საბჭოთა სისტემაშიც ვერ მოხერხდა მისი მეთოდის დანერგვა. დღეს კი ფინეთის განათლების სისტემაა ჩვენთვის სამაგალითო, თუმცა, ამის დანერგვაც ვერ ხერხდება ჯერჯერობით.

– რატომღაც, სულ ვფიქრობდი, რომ განათლების სისტემას თეა წულუკიანს ჩააბარებდნენ, ვინც, ჩემი აზრით, ყველა დანარჩენზე უკეთესი ხელმძღვანელი იქნებოდა. თუმცა, კულტურის სფეროშიც არანაკლები პრობლემა იყო…

– თეა წულუკიანი პრობლემებს ხედავს სისტემურად. ის არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ვისთვისაც სისტემური პრობლემების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვის მოსწონს და ვის არა მისი გადაწყვეტილებები. ხომ დავინახეთ, რა ამბავი მოჰყვა მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ნატა ლომოურის შეცვლას და როგორი თავდასხმა იყო ქეთი დუმბაძეზე, რომელმაც წლების განმავლობაში, მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ასეულობით მწერალი ჩართო სხვადასხვა სახელმწიფო პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მწერლებისთვის უამრავი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული ქეთი დუმბაძეს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, თავდასხმა მოუწყვეს ამ უკეთილშობილეს ადამიანს. ამასაც არ დასჯერდნენ, ნოდარ დუმბაძეს გადასწვდნენ, რაც მართლა ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გასცდა.

ძალიან ღრმა პრობლემებია როგორც კულტურის, ასევე ბევრ სხვა სფეროში, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, სააკაშვილის დროს კი უამრავი სხვადასხვა ჯგუფი ჩამოყალიბდა და სექტებად იქცა: განათლებაში, კულტურაში, ხელოვნებაში… ესენი ყველგან არიან. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ განათლების სფეროში ერთი ადამიანი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მინისტრი და დარგის პოლიტიკას ვინ წარმართავს, მაგრამ, მე ვფიქრობ, აქ უნდა მუშაობდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, სახელმწიფო მოღვაწეების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების კრებული, ვისაც დარგი და მისი წარსულიც ეცოდინება და დარგის პერსპექტივაზეც ექნება წარმოდგენა, ვინც განათლების სისტემის განვითარებისთვის საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებს. უნდა გავიაზროთ, სად დავუშვით შეცდომები და სად რა გვაქვს გამოსასწორებელი. ამიტომ ეს ორი წელი ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იქნება, სავარაუდოდ. შემდგომ უკვე დაიწყება აქტიური პროცესი, რადგან უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი თაობა გვინდა აღვზარდოთ იმისათვის, რომ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ და, ამავდროულად, არც ქართული ფასეულობები დაიკარგოს, რომ ბოლომდე ჰქონდეს გააზრებული ჩვენს მომავალ თაობას, რა ქვეყნის შვილია და რა ისტორიული მემკვიდრეობის პატრონია.

– ბატონო ბონდო, ოპოზიცია არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ „გაემიჯნონ“ და თავი ახალ ამპლუაში წარმოგვიდგინონ. რა შედეგი ექნება მათ მცდელობას?

– ვერაფერს იზამენ, რაც უნდა გააკეთონ, მათ თანამშრომლობას არავითარი პერსპექტივა არ ექნება იმის გამო, რომ მათ არ უყვართ საქართველო, მათ არ უყვართ ქართველი ხალხი, მათთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს საქართველოს ისტორიული წარსული და არ ადარდებთ საქართველოს მომავალი! ასეთი ოპოზიციის წარმატებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ისევ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს არჩევნებზე დიდ გამარჯვებას. ეს დღევანდელი მოცემულობით ძალიან კარგია, რადგან ამ უსამშობლო ბოროტი ძალების სახელმწიფო ბერკეტებთან მიშვება არ შეიძლება. თუმცა, ზოგადად, ქვეყნის მომავლისთვის, იგივე ძალა სათავეში, ამდენი წლის განმავლობაში, არ არის სასიკეთო, რადგან ამით პოლიტიკური პროცესი კვდება. უბრალოდ, ვერ ვხედავ, ვინ შეიძლება ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს „ქართულ ოცნებას“!

მოვისმინე არმაზ ახვლედიანის გამოსვლა, რომელიც ნაციონალების სიით არის პარლამენტში: ისეთი ტუჩების ცმაცუნითა და სიამოვნებით ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ამათ“ თურმე ჯერ კიდევ არ იციან, ამერიკა როგორ დასჯის… საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახარებული საუბრობს იმაზე, თუ როგორ დასჯის სხვა ქვეყნის ხელისუფლება მისი ქვეყნის ხელისუფლებას და რაღა უნდა თქვა! ადამიანიც აღარ ხარ უკვე, ამ შემთხვევაში! საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ყველა დროში მიმართავდნენ, – შევარდნაძე-სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც და ახლაც, მაგრამ სხვა ქვეყნის მთავრობისგან შენი ქვეყნის დასჯის მოთხოვნა სუვერენიტეტის გათელვაა! ასე დაემართა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საფრანგეთის პრეზიდენტთან უჩივლა! სწორედ ამის შემდეგ ვთქვი, რომ ზურაბიშვილი ჩემი პრეზიდენტი აღარ არის, რადგან მისი პრეზიდენტი მაკრონია!

ასევე გახარებულები იყვნენ, როცა გაიგეს, აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების შესახებ, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ, ვინც უნდა „დაესანქცირებინათ“, საელჩოში მიღებაზე იყო?! ხომ დავინახეთ, როგორი პატივისცემით მიიღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის საელჩოში! ასე რომ, ტყუილია ეს ყველაფერი, ამერიკის სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს, რადგან საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები იკვეთება. მართალია, ამერიკა არც ჩვენი მეზობელია და, კაცმა რომ თქვას, – არც არანაირი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ მას ამ რეგიონში, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თავისი ინტერესები აქვს. ჩვენ არა ვართ თვითკმარი სახელმწიფო და თანამშრომლობა გვჭირდება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, აშშ-სთან. პროცესები კი უფრო ღრმად ვითარდება, ვიდრე საჯარო განცხადებებია. მთავარია მოქმედებები, რითაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკას საქართველო ნამდვილად სჭირდება.

ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაგონებს ძირმაგარას, რომელიც მანამდე აწუხებს ადამიანს, ვიდრე ექიმთან არ მივა, არ იმკურნალებს ან ოპერაციას არ გაიკეთებს! როცა თუნდაც ერთი პატარა ჩირქგროვა გაქვს, ამის გამო მთელი ორგანიზმი პანიკაშია, – ასეა ჩვენი საზოგადოება ამ სექტანტური ჩირქგროვების გამო! ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, რის გარეშეც განვითარება არ არსებობს. როცა ძირმაგარა აქვს ადამიანს, თეატრში მიდის? სტადიონზე მიდის? – ვერ მიდის იმიტომ, რომ სტკივა. ასეა დღეს ქართული საზოგადოება – ეს ტკივილი არ გვიშვებს წინ, რომ ქვეყანა განვითარდეს, რეფორმები განხორციელდეს, რაღაც ნორმალურად გაკეთდეს, ჯანსაღი თაობა აღიზარდოს… კი, ბევრი კეთდება, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. 12 წელია, „მალამოს ვისვამთ“, მანამდე კი სულაც ამ ტკივილებით ვცხოვრობდით. წარმოუდგენელი უახლესი წარსული აქვს საქართველოს და ამ მდგომარეობას აუცილებლად უნდა ვუსაშველოთ! ფაქტია, რომ „თერაპია“ და უცხოური „ინექციები“ აძლიერებს რადიკალურ და დესტრუქციულ ოპოზიციას და სახელმწიფოს პოლიტიკურ სხეულს წამლავს, სადაც უკვე ოპერაციული ჩარევაა საჭირო. ეს სატკივარი 26 ოქტომბერს უნდა მოვიკვეთოთ და საქართველოც დაისვენებს!

ნონა ქარქაშაძე

„საერთო გაზეთი“

ასევე იხილეთ