გიორგი კალანდია ოლიმპიურ კომიტეტს: რა კრიტერიუმით შეარჩიეთ სიმონ მაჩაბელი დიზაინერად, რა მოგეწონათ მის შემოქმედებაში?! თქვენს ხელისუფლებას ღორებს რომ ეძახის?
საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალური ქსელით ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავს.
„ეს კაცი ჩვენს ლანძღვაში ატარებს დღეს და ღამეს, ხან უშინაარსო თავხედებს გვეძახის, მონებს გვიწოდებს, ჩვენს ფოტოებს თავდაღმა დებს, გვაბულინგებს და უკადრებელს კადრულობს… ჰოდა, აი, ამ კაცს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, როგორც დიზაინერს, აძლევს მსუყე შეკვეთას ჩვენი სასახელო ოლიმპიელების ფორმების შესაქმნელად! მაინტერესებს, რა ჰქვია ყოველივე ამას, თუ არა ობსტრუქცია?! (დიახ, ადამიანის ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე შერჩევის პრინციპი პროფესიონალიზმი უნდა იყოს და არა მისი პოლიტიკური გემოვნება, თუმცა, ამიტომაც მაინტერესებს, იყო თუ არა შესარჩევი კონკურსი? დიზაინის ესკიზები მოიწონა თუ არა სპეციალურმა კომისიამ შეჯიბრებითობის საფუძველზე და ა.შ.)? მივმართავ ოლიმპიურ კომიტეტს (ბატონებს: ლერი ხაბელოვს და ელგუჯა ბერიშვილს), რა კრიტერიუმით შეარჩიეთ სიმონ მაჩაბელი დიზაინერად, რა მოგეწონათ მის შემოქმედებაში?! თქვენს ხელისუფლებას ღორებს რომ ეძახის? თუ ჩვენი დარგის მინისტრის ფოტოს თავდაღმა რომ დებს? თუ თქვენს კოლეგებს უშვერი სიტყვებით რომ ლანძღავს? აქედან რომელიღაცა ერთ-ერთია მისი არჩევის მიზეზი, თორემ წარმოუდგენელია, სიმონ მაჩაბელის შემოქმედებიდან რაიმე მოგწონებოდათ! თავად სიმონ მაჩაბელზე და წლობით ჩვენი მისამართით წარმოებულ მის ლანძღვაზე აღარაფერს ვიტყვი, ღმერთმა ერთი ორად დაუბრუნა ის აგრესია, რასაც ჩვენი მისამართით უშურველად იმეტებდა… გულწრფელად მეცოდება, საკუთარი ბაბლიც კი დაუნდობლად გლეჯს და ფლითავს მის ისედაც უდღეურ რეპუტაციას… თუმცა, ასეთია ცხოვრების კანონზომიერება, რასაც დასთეს, იმას იმკი ხოლმე…“ – წერს გიორგი კალანდია.