„ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – 55-დან 60%-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა გასული 1 წლის განმავლობაში საზოგადოებისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ზოგადად კოალიცია პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე 8 თვე გვაქვს დარჩენილი, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია არ ველოდებით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის. როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. აქ ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საუბრობს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია – ვერანაირი შეფუთვით ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“, – აღნიშნა კობახიძემ.