უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, როგორი რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ყველა მიმართულებით სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.
ამის შესახებ ორბანმა დიდ ბრიტანეთში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ცდილობს, ძალიან რთულ გარემოში ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ.
„საქართველო შესანიშნავი და კარგი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებ ქვეყნის მთავრობას, ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოში დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, თუ რა რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა რასაც აკეთებენ, ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს.