leaderboard_below_slide
left_sabechdi

რა უპირატესობა ექნება მეტროს ახალ ვაგონებს

„მოქმედ პარკში დღეს 192 ვაგონი გვაქვს, მათგან ყველაზე ძველი 1974 წელს არის გამოშვებული, ხოლო ყველაზე ახალი 1992 წელს მივიღეთ“ – „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, მეტროპოლიტენის დაფუძნების შემდეგ, დამოუკიდებლობის პირობებში, ვაგონების განახლება პირველად ხდება.

„1992 წლის შემდეგ ახალი ვაგონი არ შეგვიძენია. ზოგადად, მეტროს ვაგონის ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია, ესაა 31-35 წელი, მაგრამ ჩვენთან ყველა არის საბჭოთა სტანდარტების. ყველა მათგანი გადის ტექნიკურ რეგლამენტს და კაპიტალურ რემონტს. ჩვენთან ფინანსური პრობლემების გამო, თავიდან იგზავნებოდა მოსკოვში და იქ კეთდებოდა, შემდეგ ჩვენთან მოხდა ინვესტიციების მოზიდვა და მოსკოვის ფილიალის დახმარებით შეიქმნა ადგილობრივი ქარხანა, რომელიც გლდანის დეპოში მდებარეობს“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისი თქმით, ახალ ვაგონებს, ამჟამინდელთან შედარებით ბევრი უპირატესობა ექნება.

„ახალ ვაგონებში იქნება ნაკლები ხმაური და კონდიცირების სისტემა. კარი იქნება უფრო განიერი, რათა მგზავრმა უფრო მალე შეძლოს შესვლა. ამასთან, ვაგონებში მგზავრების განაწილება თანაბრად მოხდება“, – განაცხადა მან.

ასევე, როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით, ანუ ვაგონებს შორის აღარ იქნება ტიხრები და ე.წ. გარმოშკით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 5-ვაგონიანი მატარებლები, მხოლოდ პირველ – „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს, თბილისის მეტროს ვაგონების ნაწილს ექსპლუატაციის ვადა ეწურება. ვაგონების ჩანაცვლების პროგრამა ეტაპობრივად 7 წლის განმავლობაში იგეგმება, რის შემდეგაც თბილისის მეტროს პირველ ეტაპზე 22 ახალი ვაგონი ეყოლება, ჯამში კი 97 ვაგონის შეძენა იგეგმება. წინასწარი გათვლებით, პროექტი 200 მლნ ევრო დაჯდება.

https://www.bpn.ge/article/127502-ra-upiratesoba-ekneba-metros-axal-vagonebs

 

ასევე იხილეთ