ირაკლი კობახიძე: თუ ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენთან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ
„არ შეიძლება გაცვითონ კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მოელოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის დამატებას მას შემდეგ, რაც ის ერთი კვირის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
მისი თქმით, თუ ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ
„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას, რადგან დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და არ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებით 2022 წელს განვითარდა ევროპარლამენტში. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა როგორც ჩანს, ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში. ეს ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც იყო 2022 წელს და რაც საბედნიეროდ, დასრულდა. იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება გაცვითონ კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს როგორც სამართლიანი სტრუქტურა. როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ევროპარლამენტის მხრიდან, ასეთი რამ უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ 85%-იან მხარდაჭერას, რომელიც არის საზოგადოებაში ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ხშირად დახურულ შეხვედრებზე გვიფიქსირებენ ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი და მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა სამწუხაროდ ის მესიჯები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენთან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.