The Washington Post: ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post ავრცელებს.
როგორც The Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ობამა მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა სერიოზულად უნდა განიხილოს მისი კანდიდატურის სიცოცხლისუნარიანობა.
როგორც წყაროები აცხადებენ, ობამა შეშფოთებულია იმით, რომ ბაიდენის რეიტინგი ეცემა, დონალდ ტრამპის საარჩევნო გზა ფართოვდება, ხოლო დონორები ტოვებენ პრეზიდენტს.
მანამდე გამოცემა AXIOS-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ „დემოკრატიული“ პარტიის წამყვანი წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირას საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
როგორც გამოცემა AXIOS აღნიშნავს, პარტიის ლიდერები, ბაიდენის მეგობრები და ძირითადი დონორები მიიჩნევენ, რომ ის ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში.
პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ თუ ის საარჩევნო რბოლაში დარჩება, ტრამპმა შეიძლება დიდი გამარჯვება მოიპოვოს და გაანადგუროს მისი მემკვიდრეობა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კვენტინ ფულკსმა განაცხადა, რომ ბაიდენის საარჩევნო კამპანია არ მუშაობს სცენარზე, რომელშიც ბაიდენი არ არის საპრეზიდენტო კანდიდატი.