შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ორი წელი ქვეყანა და საზოგადოება ისტერიაში აცხოვრეს და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო
„მინდა, გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. ორი წელი ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა და ეს საზოგადოება და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. მიხვდნენ, რომ ხალხთან მოუწევთ მისვლა, ტელევიზორებით ვეღარ გავლენ ფონს და ეს ხალხი ჰკითხავს, რომ კი მაგრამ, რას გვიშვრებოდით ჩვენ, რომ ამბობდით, რომ უნდა დაკეტილიყო საზღვრები, არ უნდა გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია რუსეთში, რა უნდა გვექნა, ხომ გაღატაკდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩამოიშლებოდა ეკონომიკაო. დათვლილია, რომ მინუს 20% იქნებოდა ეკონომიკური ზიანი. ყველას გვახსოვს როგორ ითესებოდა ქსენოფობიური ისტერია. რუსული გარეგნობის ადამიანს ქვაც კი ესროლეს ჭავჭავაძის გამზირზე. ადამიანს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. გვახსოვს პრეზიდენტის სამარცხვინო განცხადება 26 მაისის აღლუმზე, ფრენასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ამ ისტერიას უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს. გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადება საკრუიზო გემთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქართველებს არ უნდათ რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. რა იცის ამერიკის ელჩმა, რა უნდა ქართველ ხალხს და რა – არა?! თან ხაზი გაუსვა, რომ არ იფიქროთ, მარტო გემზე ვამბობო, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი რუსეთთან ჩასაკეტიაო. როდესაც ელჩები, დონორები ასეთ ისტერიას თესენ, ამას მერე მხარს უბამს ოპოზიცია, „ენჯეოები“, რომლებიც მათგან ფინანსდებიან და ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ორი წელი და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო. ახლა მოუნდათ ამაზე ასე საუბარი?! საინტერესოა, როგორ დალაგდებიან, მითუმეტეს, შიგნით, როდესაც ჰყავთ ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ, წელიწად-ნახევარი ევროკავშირის და მათ შორის რუსეთის ფულით ფინანსდებოდა და როგორ ახერხებს ეს ადამიანი არ ვიცი, რომ ორი წყაროდან აქვს დაფინანსება. დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე ავრცელებდნენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს, სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.