leaderboard_below_slide

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ამნისტიის მიღებას აქვს ერთი კონკრეტული და მკაფიო მიზანი, პატიმართა რაოდენობის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან.

„ამნისტია თავისი არსით არ არის შეწყალება, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჰუმანური აქტი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარია, რომ ამნისტიის ის პროექტი, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ, ქვეყანაში არსებულ  სისხლის სამართლის პოლიტიკის პრინციპებთან მოდიოდეს ჰარმონიზაციაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

„თავისი მასშტაბურობით ამნისტიის ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ დაბალანსებულ ამნისტიას ვუწოდებთ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი – 1 000 პატიმარს. სასჯელის 1/6 -ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს ჩვენ 22 000 პრობაციონერი გვყავს და აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

მომხსენებლის განცხადებით, პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მეორე და მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე  განიხილება.

ასევე იხილეთ