თამთა მეგრელიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე: ამ პოლიტიკით მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა შეამციროს ერთი მესამედით, რათა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს
„პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ რომელიც შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს“, – წერს „ხალხის ძალის წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, 1 000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად. საბოლოო ჯამში, ამნისტია ეხება 5 000-მდე პატიმარს. მისივე თქმით, ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომით ცუდად ვერავინ ისარგებლებს, რადგან ამნისტიაში სერიოზული კორექტივები არ იქნება, მაგრამ სხვადასხვა მუხლებთან და პუნქტებთან დაკავშირებით თუკი რაიმე ცვლილებები იქნება, მხოლოდ მყარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე.
„პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ რომელიც შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს და ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს. ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს. ამ პოლიტიკით მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა, შეამციროს ერთი მესამედით, რათა ჩვენ ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს. 1 000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად. საბოლოო ჯამში, ამნისტია ეხება 5 000-მდე პატიმარს. ამიტომ ამ საკითხისადმი ასეთი პოლიტიკური მიდგომით ცუდად ვერავინ ისარგებლებს, რადგან ამნისტიაში სერიოზული კორექტივები არ იქნება, მაგრამ სხვადასხვა მუხლებთან და პუნქტებთან დაკავშირებით თუკი რაიმე ცვლილებები იქნება, მხოლოდ მყარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.