leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი

“ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად ასევე განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე, თუნდაც მიმსგავსებული ტემპით, განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან. ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის – საუბარი მაქვს აშშ-ის მიგრაციულ პოლიტიკაზე. თუ იქნება პირდაპირი ფრენები შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია – ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს ნულოვანი მდგომარეობა. თუ გვექნება დადებითი დინამიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში. მე მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. მას ჰქონდა პოზიტიური გზავნილები. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იქნება შემოღებული უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ გვექნება მზარდი დინამიკა ინვესტიციების კუთხით, თუ პროტოკოლური საკითხებიც მოგვარდება და არა მესამე-მეოთხე რანგის თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებსა და პრემიერებს თანამდებობაზე დანიშვნას, არამედ ეს ყველაფერი გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ