leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი IT სისტემების მწყობრიდან გამოსვლაზე: არანაირ „შემთხვევითობას“ აწი ჩვენთან ადგილი არ ექნება! ეცდებიან, ჩვენც გვესროლონ, მიმართონ საბოტაჟისა და დივერსიების ნაირსახეობებს – მაგალითად ისეთს, დღეს ამერიკამ რომ დატესტა მთელ მსოფლიოზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Microsoft 365-ისა და Azure-ს უსაფრთხოების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, დღევანდელი შემთხვევა 2024 წლის უკვე მესამე საეჭვო კატასტროფაა, რომელმაც პანიკური განწყობა დათესა მსოფლიოში.

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ში ვითარება ისედაც დაძაბულია და ამ დროს არ შეიძლება ისეთი ფორსმაჟორის გამორიცხვა, როგორიცაა, მაგალითად, ტერაქტი.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი კატასტროფების შესაძლო განმეორების მიმართ აშშ-ში გაჩენილ პანიკას ობიექტური მიზეზები აქვს, მაგალითად ის, რომ ინფრასტრუქტურის უმეტესობა მთლიანად დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე, თუმცა მათი დაცვა ჰაკერული თავდასხმისგან სათანადო დონეზე არ ხორციელდება.

ექსპერტის თქმით, უმჯობესია საქართველოში, ნებისმიერ ხერხით, ყველა რეალური თუ თეორიული რისკის დაზღვევა.

„არანაირი დანაშაულებრივი თავდაჯერებულობა! არანაირი მოდუნება! ჩვენ გავუმკლავდით მარათონის 95%-ს და წინ გვაქვს გასავლელი უკანასკნელი მეტრები. ამიტომ, არანაირ “შემთხვევითობას” აწი, არც ჩვენთან და არც ჩვენს გარშემო, ადგილი არ ექნება. ეცდებიან ჩვენც გვესროლონ, ესროლონ ერთმანეთსაც, მიმართონ საბოტაჟისა და დივერსიების სხვადასხვა, მრავალფეროვან ნაირსახეობებს. აი, მაგალითად ისეთს, დღეს რომ ამერიკამ დატესტა მთელ მსოფლიოზე. 2023 წელს ბარაკ და მიშელ ობამების საოჯახო/პარტიულმა ტანდემმა Netflix-ზე გამოუშვა საკუთარი “პროდაქშენის” ფილმი – “Leave the world behind”, რომელშიც ასახული იყო აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დიდი შემოტევა, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა ყველა კრიტიკული კომუნიკაცია, რამაც ამერიკაში გამოიწვია ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირების მდგომარეობა. ფილმში ნაჩვენებია, როგორ გაქრა მობილური კავშირი, ინტერნეტი, ტელევიზია, ხოლო ფედერალურმა ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში განვითარებულ სიტუაციაზე.

ამ ფონზე, ორად გაყოფილი და პოლარიზებული საზოგადოება, უბრალოდ დაერია ერთმანეთს. არ დაგვავიწყდეს, რომ არჩევნებამდე 100 დღით ადრე, აშშ-ში ვითარება, ისედაც ზღვრულ დაძაბულობამდეა აყვანილი და არც ერთი ფორს-მაჟორის გამორიცხვა: ახალი ტერაქტებიდან დაწყებული, არეულობებისა და კატასტროფების ინსპირირებით დამთავრებული – არ შეიძლება. და რა მივიღეთ დღეს? Microsoft 365-სა და Azure-ს უსაფრთხოების სისტემების მწყობრიდან გლობალური გამოსვლა, რამაც შექმნა პანიკური განწყობების და კონსპიროლოგიური თეორიების შექმნის ტალღა. დაზარალდა ამერიკის (და არა მხოლოდ) ყველა მსხვილი ავიაგადამზიდი, ასევე ბანკები, საავადმყოფოები და ექსტრემალური დახმარების სამსახური (911). 2024 წელს ეს არის უკვე მესამე მსგავსი საეჭვო კატასტროფა, რომელმაც მობილური ოპერატორ AT&T-ის მუშაობა დაბლოკა.

აღარაფერს ვიძახი “შემთხვევით” კატასტროფებზე, გემების შეჯახების გამო ხიდების ჩამონგრევისა თუ სარკინიგზო ავარიების სახით. თუ აშშ-ში უკვე გაჩნდა პანიკური შიშები, მსგავსი კატასტროფების შესაძლო კასკადური ხასიათის მიმართ, ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია: ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რეალურად ამორტიზებულია, მათი უმეტესობა მთლიანად არის დამოკიდებული ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა დაცულობა ჰაკერული თუ სხვა ტიპის შეღწევების წინაშე, არაა სათანადო დონეზე. მე შორს ვარ, გავატარო პირდაპირი ანალოგიები, მაგრამ მირჩევნია, საქართველოში დავაზღვიოთ მთელი რიგი, თუნდაც თეორიული რისკები, ვიდრე გაუთვალისწინებელ “სიურპრიზებს” ვემსხვერპლოთ. ამ კუთხით, დიდი იმედი მაქვს სუს-ისა და შსს-ს პროფესიონალიზმისა, გამიხარდა დღეს სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მუხლით მიმდინარე საქმეზე ახალი ფიგურანტის დაკითხვაც. არანაირი მოდუნება! მაგრამ ამავდროულად, არც არანაირი – “მეშინია” თუ “დავიღალე”. ყველაფერი კარგად იქნება!“ – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ