საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ საქართველოს პირველ არხთან ოლიმპიადისთვის სანდორ ბაზაძის მზადებაზე ისაუბრა.
„დადგა ნანატრი დრო და ოლიმპიური თამაშები მოგვიახლოვდა – სანდრო პარიზში 27 ივლისს იასპარეზებს. უმაღლეს დონეზე ემზადება და შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად მზადაა.
შეკრება საფრანგეთში, ქალაქ ორლეანში მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიელების 80 პროცენტი იმყოფება, მათ შორის, მისი უშუალო მეტოქეებიც. სანდროს თან ახლავს მწვრთნელი, კრისტიან პაუერი და სპარინგ-პარტნიორი, ყველა ნაბიჯს უმოწმებენ, სერიოზულად ემზადება. ვიცი, რომ ძალიან კარგ ფორმაშია – ცოტა ზედმეტი წონა აწუხებდა და ეს პრობლემაც მოგვარებულია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მსოფლიო ფარიკაობის ლიდერია, არაერთი შეჯიბრება მოიგო და რეიტინგშიც პირველი ნომერია. უმაღლესის გარდა, სხვა სინჯის მედალს არც განვიხილავ და იმედი მაქვს, 27-ში საქართველო სანდროს წარმატებას იზეიმებს.
34-ვე მონაწილე მისი კონკურენტია. ოლიმპიადაზე სულ ხუთი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. ვეცნობი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს და ჩემპიონობის ყველაზე რეალურ კანდიდატებად სანდროს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ სილაგისა და 20 წლის ახალგაზრდა ამერიკელს ასახელებენ. ვნახოთ, იღბალი ვის მხარეს იქნება.
ყველაფერს ვითვალისწინებთ, მათ შორის იმასაც, რომ მსაჯები, შესაძლოა, შეცდნენ, მაგრამ იმედია, ეს არ მოხდება. სანდრომ ბოლო ორი წელიწადი ისე იასპარეზა, ვფიქრობ, რომ ყველას დაამარცხებს. ასე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო. რაც მთავარია, სანდრო ოლიმპიურ თამაშებს თავდაჯერებული ხვდება“, – განაცხადა მერაბ ბაზაძემ საქართველოს პირველ არხთან.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი