რუმინეთში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გრძელდება. დღეს საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 79:72 დაამარცხა და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით გიორგი სულაბერიძე იყო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი ოჩხიკიძეს 23 ქულა ჰქონდა 3 გადაცემასთან და 3 მოხსნასთან ერთად.
საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრეთს შეხვდება, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებს 82:55 სძლია. მატჩი ხვალ, 21 ივლისს 16:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა და მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში ჩაერთო.