არჩილ თალაკვაძე: პატრიარქის მიმართ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიუღებელი, არასამართლიანია, ასეთ შეურაცხმყოფელ შეფასებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის
„პატრიარქის მიმართ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიუღებელი, არასამართლიანია, ასეთ შეურაცხმყოფელ შეფასებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პატრიარქის მეთაურობით, ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს.
„მიუღებელი, არასამართლიანი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ასეთი შეფასება, განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. ადამიანის მიმართ, რომელმაც ათწლეულები იღვაწა, რათა საქართველოს ჰქონოდა ძლიერი ეკლესია, ის ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომელიც არის ისტორიაც, ჩვენი აწმყოც და რომელმაც ასევე უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მომავალიც. რწმენა, არის საკითხი, რომელიც, განსაკუთრებით მცირე ერის განვითარებისა და მისი ისტორიის ქვაკუთხედია. ამ საქმეს წლების განმავლობაში პირუთვნელად ემსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ბუნებრივია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ, ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას, შეფასებას ახსნა-განმარტებაც კი ვეღარ უშველის.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენს ხალხს, ქვეყანას. ემსახურებოდა საქართველოს ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში, რომ საქართველოს ჰქონოდა ღირსეული აწმყო, მომავალი. ამისთვის კათოლიკოს-პატრიარქმა თუ ის სიტყვები და შეფასება დაიმსახურა, რაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, მაშინ მაჩვენეთ ადამიანი, ვინც ეთანხმება ამ შეფასებას. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ შეფასებას. ეს შეფასება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.