leaderboard_below_slide

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

გიორგი აბურჯანიამ თურქული „ჰათაისფორი“ დატოვა და კარიერას პორტუგალიის პრიმეირალიგაში დაწინაურებულ „ავეშ სადში“ (ყოფილი „უნიაო დეპორტივა ვილაფრანკენსე“) გააგრძელებს. ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „აბოლა“ ავრცელებს.

„გიორგი აბურჯანია „ავეშ სადში“ გადავიდა. 29 წლის ნახევარმცველი გუნდმა თურქული „ჰათაისფორიდან“ დაიმატა და ნახევარდაცვა უნდა გააძლიეროს.

აბურჯანია პორტუგალიაში 2021-2023 წლებში „ჟილ ვისენტეში“ თამაშობდა. მწვრთნელ ვიტორ კამპელოსს გუნდში მეტი გამოცდილი ფეხბურთელის მიწვევა სურს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, რათა პრიმეირალიგაში გამოწვევები დაძლიოს“, – წერს „აბოლა“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. იყო გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, კვიპროსული „ანორთოსისისა“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ფეხბურთელი.

თამაშობდა ესპანეთში – „სევილიის“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და „ხიმნასტიკში“, საიდანაც „ოვიედოში“ გადავიდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და 2021 წლის იანვარში ესპანეთის სეგუნდადივიზიონის „კარტახენაში“ ჩაირიცხა. ითამაშა პორტუგალიურ „ჟილ ვისენტეშიც“, ბოლოს კი თურქულ „ჰათაისფორში“ გამოდიოდა.

აბურჯანია იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. 2016 წლიდან იწვევენ ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც 39 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„ავეშ სადმა“ 2024 წლის 2 ივნისს პლეი ოფში „პორტიმონენსე“ დაამარცხა და პრიმეირალიგაში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.

ასევე იხილეთ