leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეცვლის ბაიდენს საარჩევნოდ, „დემოკრატებმა“ ომის პოლიტიკა უკვე წააგეს არა მარტო ამერიკაში, არამედ, მთელ მსოფლიოში

„ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას, არა მგონია, კვლავ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის და ურეიტინგო ოპოზიციის მხარდაჭერისთვის ეცალოს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს,  რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი „რესპუბლიკელები“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც „დემოკრატებს“ შესაძლოა, ხანგრძლივად გაუქრეთ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები.

თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ ხელისუფლებაში მოსვლით, რაც რეალურად იკვეთება, ამერიკის შეერთებული შტატები დაკარგავს მსოფლიო პოლიტიკის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობას.

„ჯო ბაიდენის განცხადებამ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ცრუ მოლოდინები გაუჩინა ლიბერალების მხარდამჭერებს. ალბათ, ასეთი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ხანია არ ჰქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს. მსოფლიო ძველი და ახალი პოლიტიკის გზაგასაყარზეა და პირველი შემთხვევაა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ამერიკა ვეღარ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები. სწორედ ამიტომ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი გლობალური პოლიტიკის კონტურები იკვეთება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მშვიდობას ითხოვს, ახალ გლობალურ პოლიტიკას ვერ წარმართავს ამერიკის შეერთებული შტატები არსებული ომის პოლიტიკით. ეს მარცხის პოლიტიკაა, რომელზეც დღეს უარს ამბობენ არა მხოლოდ ომით განადგურებული ქვეყნები, არამედ, ამ ომით დაზარალებული სხვა სახელმწიფოებიც. ამიტომ, ომის პოლიტიკა ამერიკაში მარცხისთვის არის განწირული.

 სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეცვლის ბაიდენს საარჩევნოდ, „დემოკრატებმა“ პოლიტიკა უკვე წააგეს არა მარტო ამერიკაში, არამედ, მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ამას კარგად ხვდებიან „დემოკრატები“, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. სულ მცირე, დიდი უპირატესობით მაინც არ უნდა წააგონ, რომ მათი რეპუტაცია ისე არ განადგურდეს, რომ კარგა ხანს ვეღარ შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. არადა, ეს რეალურია.

თუკი ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, მსოფლიოში მშვიდობა დაამყარა და ჩინეთთან ურთიერთობებიც სწორად დაალაგა, რისი დიდი შანსიც არსებობს, „რესპუბლიკელებს“ ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივი შანსი ეძლევათ. ამიტომ, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას, არა მგონია, კვლავ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის და ურეიტინგო ოპოზიციის მხარდაჭერისთვის ეცალოს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ