leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხაშურში იუსტიციის სახლი გაიხსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. ხაშურში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. აქვე სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ქორწინების მსურველი წყვილები საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვასაც შეძლებენ.

იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში ლევან ხარაბაძემ გახსნეს.

ახალი ფილიალი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. აქ 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს; რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“. ჯამში, მათი მომსახურებით ყოველდღიურად 20 ათასზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

უშუალოდ შიდა ქართლში 9 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი, რეგიონის 5 სოფელს ფარავს.

მიმდინარე წელს კიდევ 10 იუსტიციის სახლი გაიხსნება თერჯოლაში, ახმეტაში,  საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), ჭალაში, ზოტში, ტოლებში,  შროშასა და ცაისში.

ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ასევე იხილეთ