არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტში სააკაშვილის რამდენიმე ლობისტი განაგრძობს მცდელობებს, რომ მნიშვნელოვან რეზოლუციებში შეაცუროს მისი საკითხიც, ეს არაფერს ცვლის მართლმსაჯულებასთან მიმართებით
“რამდენიმე ლობისტი, ვინც ევროპარლამენტში ჰყავს მიხეილ სააკაშვილს, ისევ განაგრძობს მცდელობებს, რომ მნიშვნელოვან რეზოლუციებში და ტექსტებში როგორმე შეაცურონ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტში 28 თებერვალს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რეზოლუცია ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის ევროპაში მიმდინარე კონფლიქტებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას ეხებოდა და არანაირი კავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკასთან, პარტიულ პოლიტიკასთან არ ჰქონდა.
„სენსაცია ეს არ იქნება, თუ გეტყვით, რომ არაერთ ევროპარლამენტარს დავუკავშირდით ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუსტად ეს წინადადება დაემატა ბოლო მომენტში. ევროპარლამენტარების პრაქტიკულად უდიდესი უმრავლესობა არ იყო ინფორმირებული, რომ ამ ვერსიას დაუჭირა მხარი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რამდენიმე ლობისტი, ვინც ევროპარლამენტში ჰყავს მიხეილ სააკაშვილს, რის საფუძველზე და რა მოტივაციით ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია, ისევ განაგრძობს მცდელობებს, რომ მნიშვნელოვან რეზოლუციებში და ტექსტებში როგორმე შეაცურონ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ანგარიში მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა და არანაირი კავშირი ამას საქართველოს შიდა პოლიტიკასთან, პარტიულ პოლიტიკასთან არ ჰქონდა. ეს იყო ანგარიში და რეზოლუცია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის ევროპაში მიმდინარე კონფლიქტებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას ეხებოდა. ძალიან ბევრი პოზიტიური შეფასება არის ამ რეზოლუციაში. როგორც ჩანს, ეს ვერ აიტანა საქართველოს მოწინააღმდეგე რამდენიმე ლობისტმა და ბოლო მომენტში, რეზოლუციის ტექსტში შეაცურეს ეს წინადადება, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია რეზოლუციის კონტექსტიდან. ეს არაფერს არ ცვლის მართლმსაჯულებასთან მიმართებით. მიხეილ სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. სასამართლომ, როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისომ დაადასტურა, რომ წესების და ადამიანის უფლებების სრული დაცვით არის ის გასამართლებული და იხდის სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში. ამჯერად კი, ოროთახიან ლუქს პალატაში, კომფორტულ პირობებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის შემზადება, რათა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გახდეს უფრო მისაღები გადაწყვეტილება, ნაკლები ზიანი მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება თუ მოუწევს.
„ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის შემზადება, რათა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გახდეს უფრო მისაღები გადაწყვეტილება, ნაკლები ზიანი მიიღოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება თუ მოუწევს მას. ამისთვის გროვდება შიგნით ხელმოწერები, ასევე გარედან ხდება კონკრეტული ჯგუფების ჩამოყალიბება და განცხადებებს ვისმენთ. ანუ, ერთგვარად აჩვევენ საზოგადოებას სააკაშვილის ლობისტები და ეს რადიკალური გაერთიანება, მათი პატრონები, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, იყოს მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება იქნება მისთვის, ვინც ამას მიიღებს, პოლიტიკური კატასტროფა, ძალიან დამაზიანებელი, ძალიან უსამართლო და საზოგადოებისთვის მიუღებელი. რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილი იყო გარეთაც, პარტიასაც მართავდა ჩრდილიდან, იყო საქართველოშიც, როცა წააგო არჩევნები, ვერაფერი ამით ვერ შეცვალა და რა თქმა უნდა, ტყუილად აქვთ იმედი, რომ სააკაშვილის ფაქტორით საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე გარდატეხა მოხდება, ვერ მოხდება ასეთი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული სააკაშვილთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპარლამენტში 28 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.
ამასთან, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.