leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს

„საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო, მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი შესრულებული იქნება“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აუცილებლად პოზიტიური იქნება.

დეპუტატმა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაყოფით მმართველ გუნდს ზიანი არ მიადგება, თუმცა დაზარალდება მათი ამომრჩეველი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და საზოგადოებისთვის მიწოდებული სხვადასხვა კონფიგურაცია მმართველ გუნდს ზიანს ვერ მიაყენებს. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით უფრო მეტად დაყოფენ საკუთარ ამომრჩეველს.  

„ხალხის ძალამ“  მმართველი გუნდიდან გამოყოფის მიზეზი თავის დროზე განმარტა. ვფიქრობდით, რომ სიმართლე, მიმდინარე მოვლენებზე უფრო ღიად იყო სათქმელი. ჩვენი გუნდი უმრავლესობიდან არ გასულა, არც ღირებულებითი აცდენა გვქონია და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებშიც ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ბოლოდროინდელმა გარემოებებმა, სიმართლის თქმის ტონალობაშიც სხვაობა გააქარწყლა და მმართველი გუნდი, ახლა უკვე „ხალხის ძალასთან“ ერთად, პირდაპირ ამბობს იმ სათქმელს, რაც აუცილებელია ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ამ ურთულესი ვითარებიდან საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი  სიმართლის თქმა და საზოგადოების ერთობაა.

ოპოზიციას არაფერი ღირებულებითი არ გააჩნია. შეგახსენებთ, როგორ ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს. მოიხსენიებდნენ კლოუნად, ოლიგარქად, რუსეთთან დაახლოებულ პირად. დღეს კი შეცვალეს ტონალობა. ისინიც ხვდებიან, რომ ტრამპი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. უკვე ჩადიან ამერიკაში და „რესპუბლიკელების“ ღონისძიებას ესწრებიან.

ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს უკრაინაში ომის დასრულებაზე. მიმაჩნია, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკა პოზიტიურ რელსებზე გადაეწყობა. აუცილებლად დალაგდება ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ომის პარტია თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

ჩვენი პოლიტიკური ხვალინდელი დღე დასავლეთთან მიმართებაში პოზიტიური იქნება და საზოგადოების მთავარი დაკვეთა – საქართველო მშვიდობიანად და ღირსეულად გახდეს დასავლეთის ოჯახის წევრი, შესრულებული იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ