leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე: ახლებურად მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხვალიდან, 24 ივლისიდან, ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

სარჯველაძის თქმით, გრძელდება მუშაობა პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

„გასულ კვირას ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები. კერძოდ, თუ პაციენტს გადასხმამდე უწევდა ჯერ რეცეპტისთვის მიკითხვა კლინიკაში, შემდეგ მედიკამენტის ძებნა სააფთიაქო ქსელებში, მისი აღება, იმავე კლინიკაში მიბრუნება, ეს შეიცვალა ძირეულად და ამიერიდან კლინიკა აღარ შეაწუხებს პაციენტს, თავად დაახვედრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტს.

ბრძანება ხვალიდან შედის ძალაში. მის მიღებას წინ უძღოდა ნაყოფიერი მუშაობა კლინიკებსა და ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზაციებთან. მინდა, მადლობა გადავუხადო სამუშაო პროცესში ჩართულ თითოეულ მხარეს და მონაწილეს. აღნიშნული ცვლილება პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული თემით არ შემოიფარგლება პაციენტთა, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა საჭიროებები და მათი უფლებების, ინტერესების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესაძლებლობები, სივრცეები. ვაგრძელებთ მუშაობას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. მინდა, თითოეულ პაციენტს ვუსურვო, რომ ეს ცვლილებაც ყოფილიყოს მათთვის კიდევ სხვა მრავალი სიხარულის მომტანი. თითოეულ მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ