თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი თურქეთის ორი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ბოსფორის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მეჰმეთ ნაჯი ინჯისთან შეხვედრაზე თსუ რექტორმა ისაუბრა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობასა და ერასმუს პლუსის ფარგლებში ერთობლივი განაცხადების გაკეთების საკითხზე.
„ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ასევე შეხვდა სტამბოლის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორს გიულსუმ აკეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განახლებას, თურქოლოგიის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერასმუს პლუსის მობილობის პროგრამაში ერთობლივი განცხადების გაკეთების შესაძლებლობას. ასევე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოსთან (TÜBİTAK) ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ორგანიზებასა და კვლევითი გრანტებისთვის განაცხადების შემუშავებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტამბოლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალ შენობაში მოეწყობა ქართული ენისა და ლიტერატურის კუთხე, რომლისთვისაც წიგნადი ფონდის მიწოდებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
თსუ რექტორის ინიციატივით, ასევე დაიგეგმა სტამბოლის უნივერსიტეტის რექტორისა და პრორექტორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.