left_sabechdi

გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, პიარტექნოლოგებმა ასეთი დავალება მისცეს, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე შეიყვანონ შეცდომაში

“ცალსახად მორიგი სიცრუის ტირაჟირება ხდება. ამ ადამიანებმა თითქოს ფერი იცვალეს უცებ”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მიერ შეცვლილ რიტორიკას გამოეხმაურა.

“როგორც ჩანს, პიარტექნოლოგებმა, რომლებიც მათ ჰყავთ დაქირავებული, ასეთი მესიჯბოქსის დავალება მისცეს, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე შეიყვანონ შეცდომაში. მცდელობა არის, რომ მოატყუონ, მაგრამ საზოგადოებას არ ავიწყდება ის, რაც მათ თქვეს. საზოგადოების მეხსიერებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როგორ განცხადებებს აკეთებდნენ და როგორი მოწოდებები იყო იმ კონტექსტში, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, რაც პირდაპირ ჭრილში სარკისებურად აისახებოდა, ეს საკუთარი მოსახლეობისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავდა და არა რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ყოველწლიურად ზრდიან და ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნები არიან სავაჭრო ბრუნვით რუსეთთან მიმართებაში.

ახლა თურმე, ამ ადამიანებისთვის წინასაარჩევნოდ რუსი ტურისტები და რუსეთთან ვაჭრობა პრიორიტეტული გახდა. ეს, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ტყუილი. მეორე ის, რომ ამ ადამიანებთან პრინციპულობას არანაირი შეხება არ აქვს. უპრინციპობას ამჟღავნებენ ამ ყველაფრით და რაც მთავარია, არავინ დაიჯერებს მათ ამ შეცვლილ რიტორიკას, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორი გააფთრებით იბრძოდნენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ რაიმე პროვოკაციული ქმედებები განეხორციელებინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია დაძაბულიყო და შექმნილიყო ისეთი ფონი, რომელიც შესაძლოა, ხელს შეუწყობდა საქართველოს ჩართვას საომარ მოქმედებებში.

საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაინახა რომ სწორი, პრაგმატული, ქვეყანასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ამ მძიმე გლობალური სიტუაციის ფონზე განახორციელა. მათი განცხადებები იყო აბსოლუტურად 180 გრადუსით საწინააღმდეგო კონტექსტში. საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ეს ადამიანები ცდილობენ მათ მოტყუებას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

ასევე იხილეთ