მამუკა მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდას საერთო არ აქვს უფლებების დაცვასთან და მის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, ეს საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა
“ლგბტ პროპაგანდას საერთო არ აქვს უფლებების დაცვასთან და მის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, რაც საზოგადოების და მომავლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ყველას მოუწოდებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.
„ვერაფერი რომ ვერ თქვეს და პროპაგანდირების მხარეს რომ არიან, საუბრობენ, რომ ეს საფრთხე არ არსებობს და მოგონილია. 2017 წელს კიდევ უფრო „მყარი“ ჩანდა მათი არგუმენტი, რა საჭირო იყო, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ, როგორც ოჯახზე. მაშინ მართლა არ ჩანდა ეს სიმძაფრე და რა თქმა უნდა მაშინაც პროპაგანდის მასშტაბი დიდი იყო და დღეს ათჯერ დიდია. რამდენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზეა ცივილიზებულ სამყაროში საუბარი, კარგად ვიცით, ანუ სწორი გათვლა, სწორი პრევენცია გაგვიკეთებია ხომ? დღეს უფრო ნათელია და მყარია არგუმენტი, რომ პროპაგანდა მიდის იმგვარი, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ამან თავისი შედეგები მოიტანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად უარგუმენტოა საუბარი იმის შესახებ, თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობს. ეს პროპაგანდა დღეს თანამედროვე სამყაროში არის მასირებული შტურმის ეფექტის თუ არა? თუ გვეჩვენება, ყოველდღიური ამბები იმასთან დაკავშირებით – სად მსჯელობენ, სად ვის აძალებენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ლგბტ თემის პოპულარიზაციას. მაშინ ეს ამბები რაც ვრცელდება, ჩვენ მოგვიგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ტყუიან და არ უნდათ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდას საერთო არ აქვს უფლებების დაცვასთან და მის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, რაც საზოგადოების და ჩვენი მომავლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა. ყველას ვთხოვ დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია – ამ საკითხში არიან ქართული მომავლის მხარეს, თუ ისინი შეფარვით და რაღაც არგუმენტების მოგონებით ემიჯნებიან ამ თემას“, – განაცხადა მდინარაძემ.