საფრანგეთის დედაქალაქი უკვე მრავალი წელია, ადგილობრივებსა და ტურისტებს ყველის ნაირსახეობას სთავაზობს. პარიზში ყველის ფესტივალი წელიწადში რამდენჯერმე იმართება. გარდა ამისა, ქუჩებში, ღია დახლებზე, ხშირად შეხვდებით როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ ყველს.
რადგანაც რძის პროდუქტი და, განსაკუთრებით, ყველი საფრანგეთის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მახასიათებლად იქცა, ქალაქის მერიამ მუზეუმის გახსნა გადაწყვიტა. Musée du Fromage – ასე ეწოდება სივრცეს, სადაც ყველის სხვადასხვა სახეობასთან ერთად რძის პროდუქტების განვითარების ისტორიასაც შეხვდებით.
მუზეუმის ხელმძღვანელი პრიერ ბრისონია, რომელიც ოჯახურ ფერმაში თავადაც აწარმოებს ყველს. მისი თქმით, ვიზიტორს პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნება. “დეგუსტაციის გარდა, დარბაზში შეხვდებით ინტერაქციულ ეკრანებს, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ბევრ კულტურაში ყველი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები და ჩვენც ამის დამტკიცებას ვცდილობთ”, – ამბობს ის.
მუზეუმი უკვე გაიხსნა. ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული ფაკულტეტების სტუდენტებს ვიზიტი უფასოდ შეუძლიათ. მოზრდილებისთვის კი ბილეთის ფასი 20 ევროს შეადგენს.