„სამწუხაროა, რომ დიდი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირების განცხადებებმა და მათ მიერვე შედგენილმა დოკუმენტებმა ფასი დაკარგა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოსთან მიმართებით გიორგი ვაშაძის მოსაზრებებს იზიარებენ, რაც მათ განცხადებებს ფასს უკარგავს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არჩევნების ბედი, რასაკვირველია, ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ტრამპის, ბაიდენის და იგივე ჰარისის განცხადებები. ერთ-ერთი მთავარი და სამართლიანი ბრალდება, რაც ტრამპმა ბაიდენს წაუყენა, ის არის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის, როგორც ძლიერი ქვეყნის სიტყვას ფასი დაუკარგა. ამის მიზეზი კი იმ კონგრესმენების და სენატორების განცხადებებია, რომლებიც სავსეა ტყუილებით და ეს ტყუილები ადვილად გადამოწმებადია. როცა სენატორი, სახელმწიფო მდივანი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამოდიან და ტყუილებით სავსე განცხადებებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, მათ ფასი ეკარგებათ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამერიკაში რესპუბლიკელების მხარდამჭერებმა იმატა.
ამერიკა, რომლის სიტყვასაც ფასი ჰქონდა მსოფლიოში, დღეს ვაშაძის ნარატივს იზიარებს. სასაცილოა – სენატორი, რომელიც ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებდა, კორუფციაში ამხილეს; ასევე ევროპარლამენტარები – ათეულობით მათგანი, დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით; ამერიკელ სენატორს, რომელიც ჩვენ გამჭვირვალობის კანონს გვიწუნებდა უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს.
სამწუხაროა, რომ დიდი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირების განცხადებებმა და მათ მიერვე შედგენილმა დოკუმენტებმა ფასი დაკარგა. როდესაც დოკუმენტში ჩაგიწერენ, რომ თურმე სააკაშვილი იტანჯება და ამ დროს სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, სასაცილოა. სხვა დოკუმენტში ჩაწერენ, რომ კეზერაშვილი მედია-მენეჯერია და იდევნება, არადა, ამ დროს, „ბიბისი“ აცხადებს, რომ კეზერაშვილს კორუფციისთვის ბრალი წაუყენეს და თან ევროპელი პენსიონერები გაძარცვა – რასაკვირველია, ასეთ დოკუმენტებს დაეკარგება ფასი.
დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.