თამარ გაგოშიძე: მშობლები ფიქრობენ, 3 წლიდან თუ ბავშვმა წერა-კითხვა, ჭადრაკი არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა. შედეგი სავალალოა…
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში „დიდი შესვენება“ საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის თამაშს და რატომ არ არის მცირე ასაკიდანვე ბევრი აქტივობით მისი დაკავება მიზანშეწონილი:
– ჩვენს საზოგადოებაში მშობლებს არ მოსწონთ, რომ ბავშვებს ვათამაშებთ. არც საბავშვო ბაღში… იმიტომ, რომ ფიქრობენ, ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვა, გართობაა და ბავშვი რომ სკოლისთვის მოემზადოს, ამისთვის უნდა იმეცადინოს. წარმოუდგენიათ, რომ 3 წლიდან თუ ბავშვმა არ იმეცადინა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა. ყველაფერი უნდა მოასწროს და სკოლაში გამზადებული მივიდეს. შედეგი სავალალოა… მთელ მსოფლიოში ყველა აღმზრდელი, განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი თვლის, რომ 6-7 წლამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაშია. მისი თავის ტვინი ასეა მოწყობილი. ნებისყოფა თანდათან ყალიბდება. მეცადინეობა ნიშნავს იმას, რომ რაც ბავშვს არ უნდა, ის უნდა გააკეთოს. სწავლასა და დასწავლას შორის დიდი განსხვავებაა.