აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ასევე, განიხილეს უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ადგილზე მოისმინეს მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და მიაწოდეს ინფორმაცია, სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, წყალტუბოში, დევნილთა განსახლების 14 ობიექტზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.
„ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამ მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი გამოწვევების ადგილზე გაცნობას და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, საჭიროების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას“, – აღნიშნა დავით ფაცაციამ.