პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“გლობალური ომის პარტიას სჭირდება ძალა, რომელიც აქ სისხლიანი ხელებით დაიწყებს ომს და ბნელ 90-იანებში დააბრუნებს ქვეყანას”, – წერს მეგრელიშვილი და აღნიშნავს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა და სასამართლო სისტემაში ვეტინგის შემოტანა მხოლოდ დასაწყისია „გლობალური ომის პარტიის“ გეგმების, რომლის მიზანიც ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაა.
თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურებასთან ერთად საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება და ურთიერთობები გადაიტვირთება, თუმცა მანამდე ღირსება და პოლიტიკური გონიერება უნდა შევინარჩუნოთ.
“საქართველოს შესახებ კონგრესში გამართული მოსმენა, მოქმედი, ხალხის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური უსამართლობის მძიმე მაგალითია, რომელიც სახელობითი დასახელების გარეშე, საერთო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
ქართული სახელმწიფო უკვე მეორე წელია პოლიტიკური შანტაჟის ტყვეა, კოლექტიური ომის პარტიელები პირდაპირ ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ და დღესაც მოითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას. ეს რისკები არსად წასულა, მოქმედ ხელისუფლებაზე საჯარო ზეწოლა და კულისებს მიღმა, მათ კაბინეტებში, მათ მიმართ გაჟღერებული მუქარა ამის ფაქტობრივი დასტურია.
გლობალური ომის პარტიას სჭირდება ძალა, რომელიც აქ სისხლიანი ხელებით დაიწყებს ომს და ბნელ 90-იანებში დააბრუნებს ქვეყანას.
გლობალურ ომის პარტიას ყველა გზა ომისკენ მიჰყავს!
“გამჭვირვალობის კანონი“, ვეტინგის სისტემის ძალდატანებითი თავს მოხვევა, მათივე მოგონილი ვითომდა „კლანური მმართველობა“ სასამართლოში, უმიზეზოდ მოსამართლეთა დასანქცირება, ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა, მხოლოდ შესავალია იმ დიდი გეგმის ნაწილში, რომელსაც მმართველი გუნდის რევოლუციური გზით ჩანაცვლება და ქართულ სახელმწიფოში ომის დაწყების მიზანი ჰქვია.
უსამართლო პოლიტიკური ვაჭრობა, რომელსაც ქართული სახელმწიფოს მიმართ ადგილი აქვს, არის მეორე ფრონტის გახსნისათვის პირდაპირი დავალება, ასევე ღია მუქარა, რომ ურჩობისთვის დავისჯებით! მაგრამ ჩვენ მაინც, პოლიტიკურად შევიწროებულნი, გოლგოთისკენ იმედითა და ღირსებით მივდივართ.
გეოპოლიტიკური სიტუაცია ძალიან მალე გადალაგდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. როდესაც ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი გაქრება, პარტნიორები ისევ ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდებიან და ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება. პოლიტიკური გაჯანსაღების დრო და საშუალება აუცილებლად მოგვეცემა, მაგრამ მანამდე, აუცილებელია შევინარჩუნოთ ეროვნული ერთობა, პოლიტიკური გონიერება და ღირსება და ხმამაღლა ვთქვათ, დღეს ჩვენთან ამ პოლიტიკურ თამაშში – ვინ მტერია და ჩვენთან ვინ რისთვის მოვიდა”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.