მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს
„აი, თქვენც ხომ თქვით ახლა, თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ „ლელოს” შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს, გარდა ბოროტებისა, აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ.
„ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი, გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს და არა საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ, საქართველოს წინააღმდეგ“, –განაცხადა მდინარაძემ.