left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს

„ეს კითხვა თქვენ უფრო გაინტერესებთ, ვიდრე მე. მე ასეთი კითხვებით დაინტერესებული არ ვარ”, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შეინარჩუნებს თუ არა ის თანამდებობას მომავალი მოწვევის პარლამენტში. არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობების გადანაწილებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის, თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა – ის, რომ ქართველმა ხალხმა დაანახოს ყველას – შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რასაც ჰქვია მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების პოლიტიკა და ქართველი ხალხი უარს ეუბნება უცხოური აქტორების მიერ ოპოზიციის მეშვეობით ქართველებისთვის თავს მოხვეულ იდეებს, რომ საკუთარი ინტერესების ფიქრის ნაცვლად, ჩამოკიდებულები უნდა ვიყოთ იმაზე, თუ რა ბრიფინგი ჩატარდება რომელიმე დედაქალაქში და რა ინსტრუქციებს მიიღებს ოპოზიციის ესა თუ ის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მომავალ პარლამენტში კონფიგურაციას, ეს არის მომავალი პარლამენტის საკითხი. პირველი ეტაპი არის საარჩევნო სია, რომელიც ეტაპობრივად გამჟღავნდება. ეს სია დგება პოლიტსაბჭოს მონაწილეობით და გადაწყვეტილებით და სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო წყვეტს სიის შემადგენლობას.

მეორე, მას შემდეგ რაც შედგება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, ეს არის საპარლამენტო თანამდებობები. ესეც შესაბამისად გადაწყდება, ისევე, როგორც სამთავრობო პოზიციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ